შსს: აშშ–ის მოქალაქე დერილ შოლცი არ დაგვიკავებია, არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში აღნიშნული პირი მოთავსებული არ ყოფილა

17-05-2024 14:44:07 სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება ეხმიანება სხვადასხვა მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, სადაც დერილ შოლცი ამბობს, რომ აქციაზე ყოფნის დროს, მას სახისა და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

„განვმარტავთ, რომ სატელევიზიო ეთერებში გაჟღერებული პიროვნებების სახელით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთოხების მართვის ცენტრი „112″- ში შეტყობინება დახმარების გაწევის მიზნით არ შემოსულა. დერილ შოლცი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არ დაუკავებიათ და არც დროებითი მოთავსების იზოლატორში არ იყო გადაყვანილი.

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დერილ შოლცისგან სამედიცინო დახმარების შესახებ მოთხოვნა ბოლო პერიოდში არ შესულა.

გარდა ამისა, აქციების არცერთი ლოკაციიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას აღნიშნული პირი სამედიცინო დაწესებულებებში არ გადაუყვანია.

ამასთანავე, არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში აღნიშნული პირი, მკურნალობის ჩატარების მიზნით, მოთავსებული არ ყოფილა.

დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ინფორმაციის მიღების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რადგან, მათთვისაც უცნობი იყო მსგავსი სახის ინციდენტის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

"მთავარი არხის" ცნობით, აშშ-ის მოქალაქე დერილ შვოლცი აცხადებს, რომ მას "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისი თქმით, "წარმოდგენა არ მაქვს რა უნდოდათ, მოულოდნელად დაარტყეს და გონება დაკარგა".

"ჩვენ საპროტესტო აქციაზე ვიყავით, მას ერთი ტრანსპარანტი ეკავა, მე მეორე და შემდეგ, მოულოდნელად, გვერდიდან ვიღაცამ დამარტყა და რაღაცა განათდა. სულ ესაა, რაც მახსოვს. რა უნდოდათ, არ ვიცი. წარმოდგენა არა მაქვს, რას მერჩოდნენ. ჩვენ უბრალოდ ვიდექით და ვიღებდით ყველაფერს, ვავრცელებდით მშვიდობას. ამისთვის ვარ სწორედ აქ, რომ მშვიდობა გავავრცელო. მათ კი მოულოდნელად დამარტყეს, მერე რაღაცა განათდა და გონება დავკარგე. ხვალ ოპერაციას მიკეთებენ და შემდეგ შტატებში უნდა დავბრუნდე რაც შეიძლება მალე. აქ თავს უსაფრთხოდ აღარ ვგრძნობ. თავი საშინლად მტკივა. წუხელ პირველი ღამე იყო, როცა დავიძინე. ორი დღე საერთოდ ვერ ვიძინებდი", - ამბობს აშშ-ის მოქალაქე "მთავარი არხთან" საუბრისას.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ მომხდარზე აშშ-ის საელჩოს მიმართავს და დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები