
მეუფე შიო: გულისტკივილით თვალს ვადევნებდით დაპირისპირებას, მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები
17/05/2024 11:04:08 საზოგადოება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა „ოჯახის სიწმინდის დღესთან“ დაკავშირებით ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებილი ხალხისთვის მიმართვისას „აგენტების კანონზე“ ისაუბრა.
მისი თქმით, ამ კანონპროექტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის არიან ეკლესიის შვილები.
„ჩვენ დიდი გულისტკივილით თვალ-ყურს ვადევნებდით იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ჩვენი პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას. ამ კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები, მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში“, - თქვა მეუფე შიომ.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც ქვეყანაში მასშტაბურ მღელვარებას იწვევს. ერთი თვეა, ქვეყანაში ამ კანონის წინააღმდეგ პროტესტი არ წყდება.
პოლიციამ ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე აქციებზე დაკავებულთაგან ცხრა პირის მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმეები, ათობით ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული მუხლით.
მიუხედავად საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის არაერთი მტკიცებულებისა, ამ დრომდე არავინაა მიცემული პასუხისგებაში.