
ზელენსკიმ გარკვეული კატეგორიის პატიმართა მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
17/05/2024 12:45:17 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პატიმართა გარკვეული კატეგორიის უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მობილიზების საშუალებას იძლევა,– იტყობინება უკრაინული მედია.
კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ 8 მაისს მიიღო. მას 279-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონი არ ითვალისწინებს მძიმე დანაშაულისთვის, კერძოდ, განზრახ მკვლელობისთვის, გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულთა მობილიზებას. ასევე მათ მობილიზაციას, ვინც სასჯელს ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის.