პაპუაშვილი "აგენტების კანონში" ცვლილებას ადასტურებს, თუმცა ამტკიცებს, რომ ამ ჩანაწერით ფიზიკური პირების რეგისტრაციაზე საუბარი არ არის

17-05-2024 16:59:18 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "აგენტების კანონში" ცვლილებას ადასტურებს, თუმცა ამტკიცებს, რომ ამ ჩანაწერით ფიზიკური პირების რეგისტრაციაზე საუბარი არ არის.

"ამ საკითხზე, რაზეც საუბრობთ, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენის დროს იყო საუბარი და ეს საკითხი დასმული. ტყუილია, თითქოს, ამ ჩანაწერებით ფიზიკური პირების რეგისტრაციაზეა საუბარი, ეს აბსოლუტური ტყუილია. ეს ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ის მკაცრი ამერიკული მიდგომა არ გვინდა, რომ გადმოვიღოთ, ამერიკული მიდგომა აშკარად ძალიან მკაცრია, ჩვენ რბილი მიდგომა გვაქვს და ფიზიკური პირები რეგისტრაციას არ ექვემდებარებიან. ეს იყო მეორე მოსმენის დროს განხილული საკითხი, ეს გულისხმობს, მაშინ, როცა ინფორმაციის მოპოვება არის საჭირო, პირებს ვალდებულება აქვთ, ეს ინფორმაცია მიაწოდონ, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. [...] ინფორმაციის მოპოვება საჭიროა ხოლმე ცალკეულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ყველა ვალდებულია, როგორც ორგანიზაცია, ისე ფიზიკური პირი, მიაწოდოს ინფორმაცია. არიან ორგანიზაციები, რომელთაც 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება აქვთ. ამაში არაფერი იცვლება, საუბარია იმაზე, რომ ამის აღსრულებისთვის მნიშვნელოვანია, სათანადო ინფორმაციის მოპოვება იყოს შესაძლებელი", – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ცნობისთვის: "სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" იურისტი საბა ბრაჭველი "აგენტების კანონში" ცვილებებზე ამახვილებს ყურადღებას და კანონპროექტის ინიიცირების დღიდან მმართველი გუნდის წევრების მტკიცებაზე, რომ ის ფიზიკურ პირებს არ შეეხებოდათ.

"სინამდვილეში, ხელისუფლებამ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება",– ამბობს ბრაჭველი და აზუსტებს:

"მესამე მოსმენით მიღებული კანონის მიხედვით:

  • იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, მოითხოვოს არა მხოლოდ ყველა სახის პერსონალური მონაცემი, არამედ საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც;
  • იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (კიდევ ერთხელ - მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის;
  • ეს ახალი სანქცია დამატებითია და არ ანაცვლებს უკვე ჩაწერილ 25, 10 და 20 ათასლარიან ჯარიმებს;
  • ჯარიმის ან კანონის გასაჩივრება არ შეაჩერებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ან ჯარიმების კიდევ, დამატებით დაკისრებას".

ბრაჭველი განმარტავს, რომ "ამ კანონით ხელისუფლებას უჩნდება შესაძლებლობა, ნებისმიერი ორგანიზაცია, დონორი, ადამიანი დააჯარიმოს იმდენჯერ და იმდენი ოდენობით, სანამ მისი ანგარიშები სრულად არ დაყადაღდება და ფუნქციონირება/ცხოვრება შეუძლებელი არ გახდება":

"ხელისუფლება რომ სიტყვას გატეხდა - ეს ვიცოდით. რუსული კანონი რომ რუსულ თარგზე წავიდოდა და ფიზიკურ პირებს აუცილებლად დაუწესებდა ჯარიმებს - ამასაც ვამბობდით. მაგრამ ისე იჩქარეს, რომ ჯერ არმიღებულ კანონში ჩაწერეს ფიზიკურ პირებზე სანქციები. ეს უტიფრობის სრულიად ახალი მწვერვალია.

ცხადია, რუსული კანონი აქამდეც ეხებოდათ ჩვეულებრივ ადამიანებს. ევროინტეგრაცია რომ გვერდით გადავდოთ, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველა მოვიხმართ იმ სიკეთეებს, რაც საერთაშორისო დახმარებებით მიიღწევა. მთავრობა თუ საავადმყოფოებს ხურავს, ცხადია, რომ ეს მხოლოდ ექიმებს და ექთნებს კი არა, ყველა პაციენტს შეეხება.

თუმცა, თუ აქამდე ჩვეულებრივ მოქალაქეზე კანონის გავლენა შეიძლება არაპირდაპირი და დროში გაწელილი ყოფილიყო, ახლა უკვე პირდაპირ და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ კი, ეს კანონი ყველას შეგეხებათ. ახლა უკვე ღიად, აშკარად წერია, რომ ულიმიტო და შეუზღუდავი დაჯარიმებების მექანიზმი, ინფორმაციის და საიდუმლოს ულიმიტოდ და შეუზღუდავად გაცემის ვალდებულება ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები