სისხლის სამართლის რა მუხლებით იბარებს დემონსტრანტებს შსს

18-05-2024 18:34:26 საზოგადოება ,სამართალი

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე მყოფ ადამიანებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხვაზე იბარებს.

უწყება არ ამხელს, რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ამის შესახებ საუბრობენ ის ადამიანები, რომლებსაც გამომძიებლებმა საქმესთან დაკავშირებით მოკლე ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, გამოკითხვაზე დაბარებულთა თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით:

  • მუხლი 222 - ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება - ისჯება ორ წლამდე პატიმრობით, დამამძიმებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში - ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით;
  • მუხლი 225 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა - ისჯება ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობით, მასში მონაწილეობა - ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობით;
  • მუხლი 226 - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა - ისჯება სამ წლამდე პატიმრობით.

იურისტი გურო იმნაძე გამოსაკითხად დაბარებულ მოქალაქეებს რამდენიმე რჩევას აძლევს:

  • ტელეფონზე საუბრის დროს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის მიღება სცადონ გამომძიებლისგან - რა საქმეა, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რა თარიღში ჩადენილ დანაშაულზე და ა.შ.
  • გამოკითხვაზე მისვლა ნებაყოფლობითია - უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და ასე სცადოს პასუხების მიღება. სასამართლოში მისვლა სავალდებულოა;
  • ჩვენების მიცემის დროს სიფრთხილე გამოიჩინონ - „მხოლოდ ის თქვათ, რაც ზუსტად და მკაფიოდ გახსოვთ, რომ დაინახეთ/მოისმინეთ“;
  • უმჯობესია, გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მიხვიდეთ.

„[დაბარებების] ერთადერთი მიზანი ისევ ჩვენი დაშინება და დაზაფვრაა, იმიტომ რომ სატელეფონო მუქარებმა და ფიზიკურმა ძალადობამ, როგორც ჩანს, არ იმუშავა“, - აცხადებს გურო იმნაძე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები