თსუ-ს დეკანი: ერთადერთი არჩევანი ევროპული გზაა, მიუღებელია ძალადობა, მით უფრო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე

18-05-2024 18:44:42 საზოგადოება

თსუ-სთან მომხდარი ძალადობის შემდეგ, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია სოციალურ ქსელში წერს, რომ ემიჯნება ყველანაირ ძალადობას და ყველა იმ ახალგაზრდის გვერდით დგას, ვინც საკუთარი ქვეყნის მომავალს პატრიოტიზმით და პასუხისმგებლობით აშენებს.

"საქართველოს ერთადერთი არჩევანი არის ევროპული გზა. ჩემი პირადი ისტორია რუსეთთან დაკაშირებულია რუსეთის ოკუპაციასთან. მე მაშინ სწორედ სტუდენტურ ასაკში ვიყავი, როდესაც საკუთარ სამშობლოში უსახლკაროდ და უსამშობლოდ დავრჩი.

მინდა, გამოვხატო ჩემი სიამაყე განსაკუთრებით ჩვენი ფაკულტეტის არაჩვეულებრივი სტუდენტების მიმართ, იმ კრიტიკული, პატრიოტი ადამიანების მიმართ, რომლებიიც არიან ჩვენი სამშობლოს მომავალი. მათი ხედვები და მიდგომები საქართველოს ხვალინდელ დღეზე მაძლევს იმედს, რომ ჩვენი საზოგადოება შეძლებს უკეთესი სახელმწიფოს მშენებლობას. მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, მით უფრო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჩრდილს აყენებს უნივერსიტეტს. ძალადობას არანაირი ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში.

მე ყველა იმ ახალგაზრდის გვერდით ვარ, ვინც საკუთარი ქვეყნის მომავალს პატრიოტიზმით და პასუხისმგებლობით აშენებს",– წერს ზარანდია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის შესასვლელთან ინციდენტი მოხდა. სტუდენტთა ჯგუფი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად კანონის მიღებას აპროტესტებდა, ამბობს, რომ მათ ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.ილია ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, მისული იყო საპატრულო პოლიციაც.

„პროვოკატორები არიან თვითონ ეს სტუდენტები...“ - უთხრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა „TV პირველს“, რომელმაც ძალადობის შემთხვევა გადაიღო.

ახალგაზრდები, რომლებსაც „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეები ძალადობაში ადანაშაულებენ, თსუ-სთან შავი ფერის ტანსაცმლითა და ნიღბებით მივიდნენ.

„ვცდილობდით, არ წამოვგებოდით პროვოკაციას, მათგან მოდიოდა შეურაცხმყოფელი რეპლიკები. ზურგს ვაქცევდით, რომ არ გვეპასუხა. ვერ შეძლეს პროვოცირება და გადმოვიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე“, - უთხრა „TV პირველს“ „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე ერთ-ერთმა სტუდენტმა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სტუდენტებმა ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად თსუ-სთან შეკრება და პროტესტის გამოხატვა სცადეს. ასე მოხდა გასულ წელსაც, როცა პირველად დააინიციირა საპარლამენტო უმრავლესობამ „აგენტების კანონი“. მაშინ კობახიძე პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი და ამ კანონპროექტის მხარდამჭერი იყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები