
ჩეჩნეთში ადამიანების მასობრივი გატაცება დაიწყო
18/05/2024 15:16:03 კავკასია
ადამიანის უფლებათა ცენტრმა "მემორიალმა" დაადასტურა ინფორმაცია ჩეჩნეთში უშიშროების ძალების მიერ ათეულობით ადამიანის გატაცების შესახებ. ინფორმაცია თავდაპირველად ჩეჩნურმა ოპოზიციურმა ტელეგრამ–არხებმა გაავრცელეს. უფლებადამცველების ინფორმაციით, ჯამში 80-დან 90-მდე ადამიანის გატაცებაზეა საუბარი.
„მემორიალის“ ინფორმაციით, გატაცებების ტალღა უკავშირდება სოციალურ ქსელებში 6 მაისს გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც უცნობი პირი ცეცხლს უკიდებს მანქანას, სანომრე ნიშნებით „დოსტუმი“. „დოსტუმს“ წარსულში ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი იყენებდა, ახლა კი მას მეტსახელად იყენებს მისი უფროსის ვაჟი – ადამი.
უფლებადამცველებმა რამდენიმე გატაცებულის ვინაობისა და მათი დაკავების გარემოებების დადგენა შეძლეს. კერძოდ, ურუს-მარტანის რაიონის სოფელ სტარიე ატაგიში გაიტაცეს მთავარი ეჭვმიტანილი საიფ-ისლამ ელმურზაევის ოჯახის 50-მდე წევრი, მათ შორის მოხუცები და ქალები, ერთი ფეხმძიმედაა. მათი ადგილსამყოფელი უცნობია.
სოფელ გოისკოეში სულ მცირე ექვსი ადამიანი გაიტაცეს. 30-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს ქალაქ შალიში. "მემორიალის" ცნობით, ისინი გროზნოში გადაიყვანეს და შემდეგ დააბრუნეს შალის პოლიციის განყოფილებაში გარდა ოთხისა. ერთ–ერთს ბრალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წაუყენეს.
"მემორიალმა" ასევე დაადასტურა ინფორმაცია ადგილობრივი მკვიდრის დენი ზარმაევის ცხედრის აღმოჩენის შესახებაც შალინსკის რაიონში. კაცი ხიდის ქვეშ ჩამოკიდებული იპოვეს, თუმცა, უფლებადამცველებს არ აქვთ ინფორმაცია სიკვდილის ზუსტ გარემოებაზე და უკავშირდება თუ არა ის გატაცებების ტალღას.