კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს პრეზიდენტის ვეტოს

19-05-2024 12:48:27 პოლიტიკა

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს.

"1. უმრავლესობას შეუძლია, გაითვალისწინოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები; ამისთვის პარლამენტმა უბრალო უმრავლესობით მხარი უნდა დაუჭიროს სალომე ზირაბიშვილის წინადადებას;

2. პარლამენტს შეუძლია დაძლიოს ვეტო. ამისთვის საჭიროა სამი მოსმენით უკვე მიღებულ კანონს, კიდევ ერთხელ, მინიმუმ 76 დეპუტატმა მისცეს ხმა (ოცნებას 84 აქვს). ასეთ დროს კანონი უკან ეგზავნება სახელმწიფოს მეთაურს ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად. მას ვეტოს გამოყენების უფლება აღარ აქვს;

3. "ოცნებას" შეუძლია, ვეტოს განხილვა გადადოს. განხილვისთვის მას კონკრეტული ვადები არ აქვს. შეუძლია, უსასრულოდ “შემოდოს თაროზე” და როცა საჭიროდ ჩათვლის მაშინ დაუბრუნდეს;

4. მმართველ გუნდს შეუძლია, არც პრეზიდენტის ვეტოს დაუჭიროს მხარი და არც კანონის სამი მოსმენით მიღებულ ვერსიას. ასეთ შემთხვევაში კანონი უარყოფილად ჩაითვლება და მოიხსნება დღის წესრიგიდან.

როგორც ხედავთ, მე-4 ვარიანტით "ოცნებას" კიდევ ერთი შანსი აქვს დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა და უარი თქვას კანონზე. რეგლამენტი და კონსტიტუცია ამის შესაძლებლობას აძლევს", - წერს მენაბდე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები