Accentnews.ge
„ცოცხალი ჯაჭვი გამარჯვებისთვის“ – სტუდენტებმა „აგენტების კანონი“ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს

„ცოცხალი ჯაჭვი გამარჯვებისთვის“ – სტუდენტებმა „აგენტების კანონი“ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს

19/05/2024 14:02:03 საზოგადოება

თბილისში, ევროპის მოედანზე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ და აქცია-პერფორმანსით სახელწოდებით„ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის!“ „აგენტების კანონი“ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედნიდან მშვიდობის ხიდზე გადაინაცვლეს, სადაც ევროკავშირის და საქართველოს დროშები გადმოფინეს.

მოგვიანებით, დემონსტრანტები პროტესტს პარლამენტთან გააგრძელებენ.

სტუდენტების განცხადებით, პროტესტი მანამ გაგრძელდება, ვიდრე მთავრობა მათ ხმას არ გაიგონებს.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S