Accentnews.ge
მთავრობა გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად ფრენებს აფინანსებს – რა ღირს ერთი გზა და რამდენი გულშემატკივარი შეძლებს სუბსიდირებული ბილეთების შეძენას

მთავრობა გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად ფრენებს აფინანსებს – რა ღირს ერთი გზა და რამდენი გულშემატკივარი შეძლებს სუბსიდირებული ბილეთების შეძენას

20/05/2024 07:26:56 პოლიტიკა, საზოგადოება

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ფრენის ბილეთებს სახელმწიფო დაასუბსიდირებს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაინიშნება ჩარტერული რეისებიც. პრემიერის თქმით, ორი გზის ბილეთის ღირებულება 390 ევრო იქნება და მისი შეძენა 3 ათას გულშემატკივარს შეეძლება.

„18, 22, 26 ივნისს გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს ამ მატჩებს. ამისთვის, მნიშვნელოვანია, მგზავრობის გაიაფება და გამარტივება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ზომები. ხდება ჩარტერული რეისების დანიშვნა სუბსიდირებით, ასევე, ვახდენთ რეგულარული ფრენების სუბსიდირებას. მატჩების თარიღებზე იქნება ეს ფრენები მორგებული. პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში - დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში. მთლიანობაში სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3 ათას გულშემატკივარს. დაახლოებით 2 ათასი გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო 1000 გულშემატკივრისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

ერთ გზის ფასი სუბსიდირებით იქნება 195 ევრო, შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო. გულშემატკივარს საშუალება ექნება, თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი, შეუძლია დაესწროს 1, 2 ან 3 მატჩს და ექნება მოქნილობის სივრცე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ამ ბილეთების შეძენას, ის მოქალაქეები, რომელთაც შეძენილი აქვთ საფეხბურთო მატჩის ბილეთები. ავიაბილეთების შეძენისას წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მატჩის ბილეთი. ბილეთებს გასაყიდად გამოვიტანთ კვირის ბოლომდე შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. საქართველოსთვის ტურნირი 18 ივნისს თურქეთთან მატჩით დაიწყება. მომდევნო შეხვედრას ქართველები 22 ივნისს ჩეხეთის, ბოლოს კი 26 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ. საქართველო სამ შეხვედრას სამ სხვადასხვა ქალაქში –დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში ითამაშებს.

გერმანია ევროპის ჩემპიონატს მესამედ უმასპინძლებს. 14 ივნისს ჩემპიონატი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიხსნება. ფინალი კი 14 ივლისს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S