
ადვოკატი: მკვდარი კანონები გააცოცხლეს!
20/05/2024 08:06:42 საზოგადოება
მკვდარი კანონები გააცოცხლეს,- ასე ეხმიანება 24 აპრილს რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე შსს–ს რეაგირებას. ტყეშელაძე 10 დაკავებული დემონსტრანტის ინტერესებს იცავს. შსს მათ სამანქანო გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
ის ხაზს უსვამს, რომ თავად კონსტიტუციით ხელმძღვანელობს, სადაც წერია, რომ ყველას აქვს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება და როდესაც აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია, გზა ხელოვნურად ვერ გადაიკეტებოდა.
"ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი კანონი, შეკრების შესახებ კანონს იცავს და ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ თავისი პროტესტი. ეს ახალი მუხლი აამოქმედეს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან ათასობით ადამიანი იმყოფებოდა აქციაზე და როგორ შეიძლება მათ გზა ხელოვნურად გადაეკეტათ? ეს ყველაფერი არის პოლიტიკური და არანაირი კავშირი სამართალთან არ აქვს. ამგვარი საქმეები სასამართლოში არ ყოფილა. დღეს ვნახოთ შსს რა არგუმენტებს წარადგენს. მათ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ!
ადმინისტრაციული კოდექსი, საბჭოთა კოდექსია. მკვდარი კანონებია, რომლებიც დღეს გააცოცხლეს. მე კონსტიტუციით ვხელმძღვანელობ, სადაც წერია, რომ ყველას აქვს მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება. როდესაც აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია, გზა ხელოვნურად ვერ გადაიკეტება", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.