
Bankwatch-ის დირექტორი – საქართველოზე: თუ ვითარება ესკალაციას განაგრძობს, უნდა შეჩერდეს სახელმწიფო სექტორის დაფინანსება
20/05/2024 09:16:26 პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა გლობალური ქსელის, Bankwatch-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ მარტინი საქართველოში, ყირგიზეთსა და EBRD-ის წევრ სხვა ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მარკ მარტინი აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოების მასობრივი პროტესტის პასუხად მთავრობა მზარდ რეპრესიულ მიდგომას ატარებს. თუ სიტუაცია გაუარესდება, მარტინის თქმით, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა შეაჩერონ საქართველოს სახელმწიფო სექტორის ნებისმიერი დაფინანსება.
„თუ ვითარება ესკალაციას განაგრძობს, ჩვენ მოველით, რომ EBRD, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, ისეთთან, როგორიც არის აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი, ასევე, ორმხრივი სააგენტოები, გააძლიერებენ ზეწოლას და შეაჩერებენ როგორც სახელმწიფო სექტორის ნებისმიერ დაფინანსებას, რომელიც სარგებელს მოუტანს მთავრობას, ისე ნებისმიერი კერძო კომპანიის დაფინანსებას, რომლებიც დაკავშირებული არიან მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან”.
Bankwatch-ის გამოცდილებით, ნათელია, რომ სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტია საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას რისკების შემცირებისთვის, კორუფციის არიდებისთვის, საჯარო თანხების ბოროტად გამოყენების შემცირებისა და საზოგადოებისთვის სარგებლის გაზრდისთვის.
შესაბამისად, განვითარების ბანკების ინტერესებშია, უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოება განაგრძობს თავისი არსებითი როლის შესრულებას საინვესტიციო პროექტების წარმატებისა და მდგრადობისთვის”, – ნათქვამია Bankwatch-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაში.