
გამოკითხვაზე დაბარებული აქტივისტი:საქართველოს მოქალაქეებს ზეწოლის არ გვეშინია, გვეშინია, არ დაგვემართოს რუსეთი და ბელარუსი!
20/05/2024 11:42:02 საზოგადოება
„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე იმ ადამიანებს შორის, რომლებიც კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს გამოკითხვაზე, აღმოჩნდა სამოქალაქო მოძრაობა „ტალღას“ აქტივისტი, მასწავლებელი ნინო დათაშვილი.
ის ამბობს კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თუმცა დეტალები მისთვის არავის განუმარტავს. თავად მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა, ვინაიდან არ აქვს ვალდებულება, გამოცხადდეს კრიმინალურ პოლიციაში.
როგორც გაირკვა, საუბარია შემდეგ მუხლებზე:
- მუხლი 222 - ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება - ისჯება ორ წლამდე პატიმრობით, დამამძიმებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში - ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით;
- მუხლი 225 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა - ისჯება ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობით, მასში მონაწილეობა - ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობით;
- მუხლი 226 - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა - ისჯება სამ წლამდე პატიმრობით.„ასიათასობით ადამიანებთან ერთად ვდგავარ აქციაზე. წარმოუდგენელია, რომ ყველას ფოტოები, მონაცემები აქვთ...“,– ხაზს უსვამს დათაშვილი.
ის თვლის, რომ სახელმწიფომ რეპრესიული მანქანა სრული დატვირთვით აამოქმედა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ:
„საქართველოს მოქალაქეებს არ გვეშინია რეჟიმის მხრიდან ზეწოლის და რეპრესიების. საქართველოს მოქალაქეებს გვეშინია, არ დაგვემართოს რუსეთი და ბელარუსი, სადაც დღეს ხმას ვეღარ იღებენ!“,– ამბობს დათაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს სასამართლო 54 დემონსტრანტის საქმეს განიხილავს. მათ შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას ედავებიან. კერძოდ, თითქოს მათ ხელოვნურად გადაკეტეს საავტომობილო გზა. უკვე დაფისირდა დემონსტრანტთა 500 ლარით დაჯარიმების ფაქტები, რასაც დემოსნტრანტები და ადვოკატები უკანონოს უწოდებენ.