
"გვითხრეს, რომ 24 აპრილს გადავკეტეთ გზა" – ნატალია ყიფშიძის სასამართლო გადაიდო
20/05/2024 12:03:13 საზოგადოება
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების მონაწილე, მსახიობი ნატალია ყიფშიძე ამბობს, რომ სხვა აქტივისტების მსგავსად, მასაც გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან. თუმცა, მისი სასამართლო პროცესი 28 მაისისთვის გადაიდო. პროცესი 11:00 საათზე უნდა გაიმართოს.
მისი თქმით, საქმე ეხება 24 აპრილის მსხვლელობას და რომ გზა აქციის მონაწილეებმა თითქოს ხელოვნურად გადაკეტეს.
"მივედით სასამართლოში და გვითხრეს, რომ 24 აპრილს გადავკეტე გზა, რომელიც მახსოვს მკაფიოდ, ყველა ფოტო მაქვს, ყველას აქვს თავისი დრო, ამათ არ ვიცი რა მტკიცებულება აქვთ, დისკი უნდა გადასცენ ჩემს ადვოკატს, ერთად უნდა განვიხილოთ და ჩემი ფოტოებით ავაწყოთ ყველაფერი. წერია დროები – რა დროს სად ვიყავი, რამდენ ადამიანთან ერთად ვიყავი იმ ფოტოებშიც ჩანს და ვიდეოებშიც. რაში გვადანაშაულებენ, ვერ ვხვდები," - ამბობს ყიფშიძე.
ის ამბობს, რომ პროტესტს განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების 50-ზე მეტი მონაწილის პროცესი იყო ჩანიშნული. ყველა მათგანს ადმინისტრაციულ კანონდარღვევას – გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. საქმეებს 3 მოსამართლე განიხილავს. 20-მდე აქტივისტის საქმე გადაიდო, ხოლო ერთს,საბა სხვიტარიძეს 500 ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.