
"საქმე იქითკენ მიჰყავთ, თითქოს რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი ვარ" – სასამართლოში ჯაფარიძე გამოკითხეს
20/05/2024 16:40:12 საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამარტლოში მაგისტი მოსამართლის წინაშე „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულდა.
„თავიდან ზოგადი კითხვები დამისვეს, "ამ და ამ რიცხვში სად იყავიო". შემდეგ საუბარი წაიყვანეს იქითკენ - „იმედმა“ სუს-ის მიერ გაკეთებული ჩანაწერები რომ გაუშვა. ეს ჩანაწერები ორი ან მეტი წლის წინ არის გაკეთებული – "იმ ჩანაწერებში რაღაცებს ამბობო". მოკლედ, სამი წლის წინ რაც ვილაპარაკე, მაგას ამ აქციებს აბამენ. კითხვები იყო, ოდესმე დაგიორგანიზებიათ თუ არა, ძალადობრივი რაღაც. ვეუბნებოდი, რომ არა. საქმე იქითკენ მიჰყავთ, რომ თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი. დღეს მორჩა და მერე რას იზამენ, არ ვიცი. ხმის ნიმუში გვინდაო და არ მოგცემთ - მეთქი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ გამოკითხვის შემდეგ.
როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში აქციების მრავალი მონაწილე დაიბარეს გამოკითხვაზე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
როგორც გაირკვა, საუბარია შემდეგ მუხლებზე:
- მუხლი 222 - ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება - ისჯება ორ წლამდე პატიმრობით, დამამძიმებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში - ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით;
- მუხლი 225 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა - ისჯება ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობით, მასში მონაწილეობა - ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობით;
- მუხლი 226 - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა - ისჯება სამ წლამდე პატიმრობით.
განახლება
მოგვიანებით ჯაფარიძემ გამოკითხვის კონტექსტში სოციალურ ქსელში დაწერა:
"დღეს დამიბარეს და დამკითხეს სასამართლოში. კითხვებიდან გამომდინარე საქმეს კერავენ თითქოს მე ვიყავი ამ აქციების დროს სტრატეგიული დანიშნულების მქონე შენობის (იგულისხმება პარლამენტი) შტურმის ორგანიზატორი
მტკიცებულებად იყენებენ იმედის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვითომ ფარულ ჩანაწერს. ოღონდ ეს ჩანაწერი გაკეთებულია 2-3 წლის წინ, დედა ენის ბაღში, საჯარო შეხვედრის დროს, ღია სივრცეში, რომელსაც ესწრებოდა ასამდე ადამიანი
სავარაუდოდ არის დამონტაჟებულიც და ცხადია არანაირი კავშირი არ აქვს ამ აქციებთან. ყველა ის ადამიანი დაადასტურებს, ვინც ამ შეხვედრებს ესწრებოდა, მაგრამ ეგ არ აინტერესებთ და ხმის ნიმუში უნდა აგიღოთო 🙂
ჰოდა
არც სახლში, არც ორგანიზმში არ მაქვს არანაირი ნარკოტიკი, დიდი ხანია (გარდა ალკოჰოლური სასმელებისა)
პორნოს მაქსიმუმ ვუყურო
ლეგალურად ვფლობ 5 პისტოლეტს (Colt 1911, Walter PP, Glock 43, CZ P07, Beretta 92G Brigadier Tactical (Wilson Combat)) და 1 თურქული წარმოების შოთგანს
ყველა ეს იარაღი მაქვს ტარების უფლებით და არაფერში მჭირდება გაუფორმებელი იარაღი
ყველა ტყვია მაქვს ლეგალურად შეძენილი და განკუთვნილია მხოლოდ ამ იარაღებისთვის
არასტანდარტული ტყვიები არ მაქვს
ასევე მაქვს რამდენიმე დანა და აკერმანის 1 წიგნი
სხვა რამე თუ განახეს, ტანი ჩემი არაა".