
სლოვაკეთის მოქალაქეებმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 1 თვეში 4 მლნ ევროზე მეტი შეაგროვეს
21/05/2024 18:58:17 მსოფლიო
უკრაინისათვის სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების შესაძენად წამოწყებული აქციის ფარგლებში სლოვაკეთის მოქალაქეებმა ერთი თვის განმავლობაში 4 მილიონ ევროზე მეტი მოაგროვეს. კამპანია სახელწოდებით „საბრძოლო მასალა უკრაინისათვის“ სლოვაკეთში აპრილის შუა რიცხვებში ამოქმედდა და ერთი თვის განმავლობაში შემომწირველთა რაოდენობამ 67 ათასს მიაღწია.
მარტის ბოლოს პრაღაში ყოფნის დროს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა შემდეგი განაცხადა:
„ჩვენ ვთვლით, რომ ამ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის პერსპექტივა არ არსებობს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აღარ დავეხმაროთ უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალებით და უპირატესობას მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას ვანიჭებთ“.
მოქალაქეებმა სლოვაკეთის მემარცხენე-პოპულისტური მთავრობის გადაწყვეტილებას აღნიშნული კამპანია დაუპირისპირეს. სლოვაკეთში უკრაინისათვის საბრძოლო მასალის შესაძენი თანხის შეგროვების იდეა ერთ-ერთ სლოვაკ ფოტოჟურნალისტსა და „ღია საზოგადოების“ ადგილობრივ ორგანიზაციას ეკუთვნით.