
საია – უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებზე: უცნობია, ჩატარდა თუ არა გასაუბრებები, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მონიტორინგის შესაძლებლობა არ მიეცათ
22/05/2024 15:27:00 საზოგადოება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 21 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ უცნობია, ჩატარდა თუ არა გასაუბრებები და თუ ჩატარდა, რატომ არ მიეცა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მონიტორინგის შესაძლებლობა.
"მე-4 საორგანიზაციო საკითხი, რომელიც ბუნდოვანი იყო, როგორც მდივანმა სხდომაზე განმარტა მოიცავდა უზენაესი სასამართლოს კონკურსში მონაწილე კანდიდატების შემდგომ ეტაპზე გადაყვანის პროცედურას და ასევე, სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლეების უვადოდ გამწესებას.
გარდა ამისა, იუსტიციის საბჭომ 15 ხმით უვადოდ გაამწესა 21 მოსამართლე. სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მოულოდნელი იყო უვადოდ დასანიშნ მოსამართლეების კენჭისყრა, ვინაიდან, პროცედურა ითვალისწინებს სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფ კანდიდატებთან გასაუბრებას. ამ მოსამართლეებთან გასაუბრების შესახებ ინფორმაცია საბჭოს ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია, შესაბამისად უცნობია ჩატარდა თუ არა საერთოდ გასაუბრებები და თუ ჩატარდა რატომ არ მიეცა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მონიტორინგის შესაძლებლობა.
საბჭოს მდივნის ზეპირი განკარგულებით სადამკვირვებლო ორგანიზაციებს წარმომადგენლებს შენობის ფოიეში მოცდის შესაძლებლობა აღარ ეძლევათ და დამამცირებელ პირობებში შენობის შესასვლელ კარებსა და ტურნიკეტს შორის უწევთ სხდომის დაწყების ლოდინი," - წერია განცხადებაში.
იხილეთ ასევე: იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 21 მოსამართლე უვადოდ დანიშნა