
იუსტიციის მინისტრი: ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენება შესაძლოა, სისხლის სამართლებრივად დასჯადი იყოს
23/05/2024 11:58:13 სამართალი
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სრულად გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ. ამის შესახებ მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის ვალერი გელაშვილის სასტიკი ცემისა და გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეებზე. მსჯავრდებული არ ეთანხმებოდა ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას და სტრასბურგის სასამართლოში დავობდა მოსამართლის მიკერძოებულობის, არასაკმარისი მტკიცებულებებისა და პოლიტიკური დევნის თაობაზე. სააკაშვილი ასევე დამატებით აცხადებდა, რომ გირგვლიანის მკვლელების შეწყალების ეპიზოდზე მსჯავრი დაედო ისეთი ქმედებისთვის, რაც პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა და ვერ გახდებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი. სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და დაადგინა, რომ გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე სააკაშვილის მიმართ წარმოებული გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა და მსჯავრდება სრულ შესაბამისობაშია ევროპული კონვენციის სტანდარტებთან. ეჭვქვეშ არ დგება მოსამართლის მიუკერძოებლობა. აგრეთვე ორივე საქმის ფარგლებში, არსებობდა სარწმუნო, უტყუარი და კარგად დასაბუთებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება მის მიერ დანაშაულების ჩადენა.
ასევე, სასამართლო პროცედურები წარიმართა სამართლიანად და მსჯავრდება არის კარგად დასაბუთებული. ევროპულმა სასამართლომ ასევე გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ დისკრეციას და მისი ბოროტად გამოყენება შესაძლოა, სისხლის სამართლებრივად დასჯადი იყოს.
რაც შეეხება სააკაშვილის პრეტენზიებს, თითქოს, მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია და ეს ბრალდება იმდენად დაუსაბუთებლად ჩათვალა, რომ დაუშვებლად გამოაცხადა და არსებითად განხილვის აუცილებლობაც კი ვერ დაინახა. სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით", – განაცხადა მინისტრმა.
ამავე თემაზე: რა დააგინა სტრასბურგმა „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე.