"გუდაურსა და ბაკურიანში წყალი არაა და ესენი მცხეთაში ქეიფობენ, მე დავყრიდი ყველაფერს და პრობლემას 1 სთ–ში მოვაგვარებდი"

06-01-2020 17:15:11 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუდაურსა და ბაკურიანში წყლის მიწოდების კუთხით შექმნილ პრობლემას ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი "ანალოგიურ სიტუაციაში ადგილზე მთავრობას წაიყვანდა და ყველაფერს 1 საათში გააკეთებინებდა“.

„გუდაურში 5 დღე არ არის წყალი და ესენი ქეიფობენ მცხეთაში. ამ დროს მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი იქ მთელ მთავრობას და გავაკეთებინებდი ყველაფერს ზუსტად 1 საათში. არადა, ახლა იკარგება არამხოლოდ შემოსავლები, ამ წუთას, არამედ იკარგება პერსპექტივები ჩვენი კურორტებისთვის. ბაკურიანში წყალი თითქმის არავის არ აქვს, გარდა გამგებლის პირადი სასტუმროსი, გაჩერდა ის პროექტები, რომელიც მე დავიწყე. სვანეთში მე ავაშენე კურშაველის სიდიდის სათხილამურო კურორტი, რომელიც იქნებოდა ყველაზე დიდი სათხილამურო კურორტი და ყველაზე დიდი ევროპაში, როგორც მინიმუმ. უზარმარზარი რეკლამა გავაკეთეთ, საბაგიროებიც ჩამოვიტანეთ, გააჩერეს, გზებიც გააჩერეს, ყველაფერი, კორუფციის გამო, ივანიშვილის პირადი ბოღმის გამო“, - აცხადებს სააკაშვილი სოცციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ მეხუთე დღეა, საქართველოს მთის კურორტებზე – ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემების მოგვარება ვერ ხერხდება. წყლის არასაკმარისი რესურსის გამო ვერ მოხერხდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამუშავებაც და ამის გამო ტურისტების ნაწილმა საკურორტო ზონა დატოვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები