23-05-2024 21:02:55 პოლიტიკა
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ის კონგრესში დღეს წარადგენს კანონპროექტს MEGOBARI, რომელიც საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების მოწოდებას შეიცავს რუსული სტილის "აგენტების შესახებ კანონის" გამო, – იუწყება Fox News.
უილსონი, რომელიც ხელმძღვანელობს აშშ-ის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიას (ჰელსინკის კომისია) Fox News Digital-ისთვის მიცემულ წერილობით განცხადებაში აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" და კრემლი სერიოზულად არ უყურებენ შეერთებულ შტატებს".
"ისინი ფიქრობენ, რომ ბლეფია, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის აშშ-სთან კავშირზე თავდასხმას შედეგები მოჰყვება", – აცხადებს უილსონი.
Fox News–ის ცნობით, "MEGOBARI მოითხოვს სავიზო შეზღუდვების დაწესების დაუყოვნებლივ განხილვას საკვანძო პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, "რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პარლამენტში რუსული სტილის "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის ადვოკატირებაზე, მიღებასა და პოტენციურ ამოქმედებაზე".
"ამასთან, MEGOBARI ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ქვეყნის პოლიტიკური ან სამთავრობო ხელმძღვანელობის, ბიზნეს წრეების, სამართალდამცავი და უშიშროების სამსახურების წარმომადგენლებზე, "რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსული სტილის "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის წინსვლაზე ან სახალხო თუ სამოქალაქო საზოგადოების კანონიერი პროტესტის ჩახშობაზე".
MEGOBARI–ს თანახმად, მისი ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში სახელმწიფო მდივანმა უნდა დაადგინოს ის ძირითადი პირები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს მთავრობაში, მუშაობენ მის აგენტებად ან მისი სახელით, ან სხვაგვარად აქვთ ძლიერი გავლენის მოხდენა ამ მთავრობის ქმედებებზე და "დააკისროს მატერიალური პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ან უსაფრთხოების შელახვის ან დაზიანებისათვის".
"აგენტების კანონზე" პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების გარდა, კანონპროექტი ასევე სთხოვს აღმასრულებელ ხელისუფლებას მოამზადოს ანგარიში უკრაინასთან დაკავშირებული სანქციების თავიდან აცილების შესახებ საქართველოში ისევე, როგორც ანგარიში ქვეყანაში რუსული დაზვერვის აქტივების შესახებ.
MEGOBARI–ს თანახმად, "ამ აქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, ეროვნული დაზვერვის დირექტორი, სახელმწიფო მდივანთან, თავდაცვის მდივანთან და ცენტრალური დაზვერვის დირექტორთან კოორდინაციით, კონგრესს წარუდგენს მოხსენებას, რომელიც განიხილავს რუსული სადაზვერვო ელემენტებისა და მათი აქტივების საქართველოში შეღწევას, ასევე ჩინეთის გავლენასა და რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის პოტენციურ კვეთას საქართველოში", – იუწყება Fox News.
მეორეს მხრივ, კანონპროექტის მიხედვით, MEGOBARI დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტს ჰპირდება.