Accentnews.ge
სახდეპი: სავიზო შეზღუდვა მკაფიო გზავნილია, რომ მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და დემოკრატიას, აშშ-ში არ მივესალმებით

სახდეპი: სავიზო შეზღუდვა მკაფიო გზავნილია, რომ მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და დემოკრატიას, აშშ-ში არ მივესალმებით

24/05/2024 11:14:33 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სავიზო შეზღუდვა მკაფიო გზავნილია, რომ მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და დემოკრატიას, აშშ-ში არ მივესალმებით. ამის შესახებ "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა განუცხადა.

"აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური სავიზო ჩანაწერები კონფიდენციალურია და ჩვენ არ შეგვიძლია, გავცეთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ეხება ან ვის შეეხება. ეს პოლიტიკა ეხება მათ, ვინც მიიჩნევა, რომ პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიისა და ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრაში. ამ პოლიტიკამ შეიძლება, გამოავლინოს პირები, რომელთა ქმედებები მიზნად ისახავს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას, მათ შორის მიზნად ისახავს ამომრჩეველთა დაშინებას მუქარითა და ფიზიკური ძალადობით, კენჭისყრის შედეგებით მანიპულირებით და სხვა ქმედებებით, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ პროცესს. ამ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკით ჩვენ ვაგზავნით მკაფიო გზავნილს, რომ მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და დემოკრატიას, აშშ-ში არ მივესალმებით", – განუცხადა "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.

რა თქვა ბლინკენმა

ამერიკის შეერთებული შტატები "აგენტების კანონზე" პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი. კონკრეტულად ვის შეეხება აღნიშნული სანქციები, ამას ბლინკენი არ აკონკრეტებს.

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" შეიმუშავა და მიიღო „უცხოური გავლენის" კანონი, რომელიც ჩაახშობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, დაღს დაასვამს ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა კანონის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს, ვნახეთ დაშინებისა და ძალადობის კამპანიის აშკარა ნიშნები განსხვავებული მშვიდობიანი აზრის ჩასახშობად. „ეროვნული უსაფრთხოების კანონი" და რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება ლეგიტიმური აზრთა სხვაობის ჩასახშობად, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლითაც უფლებამოსილია ქართველი ხალხი და ეწინააღმდეგება საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში გაცხადებულ, კონსტიტუციაში ასახულ მიზანს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელ და თანამონაწილე პირებზე, ასევე, მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს ინდივიდებს, რომლებიც ძალადობისა და დაშინების კამპანიის გზით პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე.

საქართველოს დემოკრატიისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ხანგრძლივია და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს. ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მისი მიმდინარეობისას და მას შემდეგ, ამ პოლიტიკის მიხედვით, შესაძლოა, არ მიეცეს აშშ-ის ვიზების მიღებისა და შეერთებულ შტატებში გამგზავრების საშუალება. აღნიშნული შეზღუდვები, შესაძლოა, ასევე გავრცელდეს ამ პირების უშუალო ოჯახის წევრებზეც.

ასევე, დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის ნაბიჯებს გადადგამენ. გადავხედავთ რა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში ვიქონიებთ საქართველოს ქმედებებს", – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში მითითებულია ამერიკის კანონმდებლობის კონკრეტული მუხლი, რომლის საფუძველზეც სავიზო სანქციები დაწესდება:

"სავიზო შეზღუდვის ეს პოლიტიკა ექვემდებარება იმიგრაციისა და ეროვნების აქტის 212 (a)(3)(C) მუხლს და საშუალებას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტს, დაუწესოს სავიზო შეზღუდვები ფიზიკურ პირებს, ასევე, მათი ოჯახის უშუალო წევრებს, იქნებიან ისინი ამჟამინდელი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების განხორციელების დასაბრკოლებლად პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის, ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით".

რას ამბობს "ქართული ოცნება"

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო ამტკიცებს, რომ "არსებულ ვითარებაში, სანქციები მხოლოდ კონტრპროდუქტიულია და თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს".

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით დაანონსდა სავიზო შეზღუდვების შესაძლო დაწესება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რაც არის იმ ანტიქართული რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც 2012 წლიდან ვისმენთ და რომელიც განსაკუთრებით 2021-22 წლებში გააქტიურდა. შანტაჟისა და მუქარის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს, არ შეესაბამება არათუ სტრატეგიული პარტნიორობის, არამედ, ზოგადად, პარტნიორულ სულისკვეთებას, რომელიც ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის უნდა იყოს ჩამოყალიბებული.

ენტონი ბლინკენის სახელით გაკეთებული განცხადება და სავიზო შეზღუდვებით შანტაჟი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეში მცდელობა, რაც განსაკუთრებით ცინიკურად წარმოგვიდგება იმ ფონზე, რომ საქართველო ორ დღეში ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ეს არის უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, როდესაც ერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ემუქრება მეორე ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ მან გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმა. ეს მოვლენა ნაცრისფერი ასოებით ჩაიწერება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგოდ დღემდე ვერავინ ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინა. აღარც იმაზე ვამბობთ აღარაფერს, რომ მსგავსი კანონები ბევრად უფრო მკაცრი ფორმით მოქმედებს თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, არაერთ სხვა სახელმწიფოში, რომელთა მიმართაც აშშ-ს არავითარი სანქციები არ დაუწესებია. აგრეთვე, ამგვარი კანონპროექტი აქტიურად განიხილება ევროკავშირშიც. მეტიც, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დაინიცირებული კანონი მისი საარჩევნო კამპანიის წამყვანი ხაზი იქნება, რადგან დღეს ევროპისთვის უცხოური გავლენები და ჩარევა ყველაზე დიდი გამოწვევაა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სანქციების გავრცელება ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვან შვილებზე, არის სანქციის ფორმა, რომელზეც არა მხოლოდ ევროპამ თქვა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მკაცრად უარი, არამედ 60-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირშიც კი აღარ გამოიყენებოდა. ცივილიზებულ სამყაროში ათწლეულების მანძილზე საყოველთაოდ იყო აღიარებული, რომ ე.წ. სუბიექტური შერაცხვის პრინციპის უარყოფა, ანუ სანქციის ოჯახის წევრებზე გავრცელება ფაშისტურ-ბოლშევიკური მოვლენაა. ახლა კი, სანქციის ამ ფორმას ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენელი იყენებს, რაც გამაოგნებელია.

თუმცა, მას შემდეგ, რაც შესაბამისმა ძალებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბარში ერთ-ერთი ევროკომისარის პირით სლოვაკეთის პრეზიდენტზე ტერორისტული თავდასხმა მაგალითად მოიყვანეს და ამით, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები სიცოცხლის მოსპობით დააშანტაჟეს, სავიზო შეზღუდვის დაწესებაზე საუბარი აღარც მოულოდნელია და აღარც გასაკვირი.

იმასაც შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ანალოგიური სავიზო შეზღუდვა, ასევე ყოველგვარი დასაბუთების და ფაქტების გარეშე, ბლინკენის სახელით ქართველ მოსამართლეებს დაუწესდა, შემდეგ კი ცინიკურად განაცხადეს, რომ ფაქტების მოწოდებას არ აპირებდნენ და საკითხი ჩვენ თავად უნდა გამოგვეძიებინა. სავიზო შეზღუდვის მიუხედავად, სასამართლო სისტემა აგრძელებს გამართულად ფუნქციონირებას და ამ გადაწყვეტილებამ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა. მეტიც, მას შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ კიდევ არაერთგზის დაადასტურა, რომ ქართული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს და სამართალს ემსახურება.

იმასაც შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირის ორი კანდიდატი ქვეყნის - სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებს აქვთ აშშ-ს მხრიდან დაწესებული სანქციები, თუმცა, ორივე ქვეყანა აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ამ მხრივ არავითარი შეფერხება არ იქმნება.

დასასრულს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას. ვერავითარი შანტაჟი ვერ გვაიძულებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადავდგათ. ასეთ ვითარებაში, სანქციები მხოლოდ კონტრპროდუქტიულია და თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ პრაგმატულად და გადადგან ქმედითი ნაბიჯები ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის, რაც თანაბრად შედის როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხის ინტერესებში", – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S