
კულება განმარტავს, რატომ ალაპარაკდნენ მოულოდნელად მედიასთან რუსული "წყაროები" პუტინის მზაობაზე ზავის შესახებ
24/05/2024 14:58:26 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეხმანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მზაობაზე ზავის შესახებ.
კულებას თქმით, "პუტინი სასოწარკვეთილად ცდილობს, ჩაშალოს 15-16 ივნისს შვეიცარიაში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი".
როგოც მან აღნიშნა, "პუტინს ამჟამად არ აქვს სურვილი, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია".
„რატომ ალაპარაკდნენ მოულოდნელად მედიასთან რუსული "წყაროები", რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის, უკრაინაში ზავზე დათანხმდეს, თუ ჯარები ამჟამინდელი ფრონტის ხაზზე დარჩებიან? პასუხი მარტივია – პუტინი სასოწარკვეთილად ცდილობს, ჩაშალოს 15-16 ივნისს შვეიცარიაში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი. მას ეშინია მისი წარმატების. მისი გარემოცვა აგზავნის ყალბ სიგნალებს ცეცხლის შეწყვეტის სავარაუდო მზადყოფნის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინაზე სასტიკი თავდასხმას მაშინ, როდესაც მათი რაკეტები და თვითმფრინავები უკრაინის ქალაქებზე ცვივა. პუტინს ამჟამად არ აქვს სურვილი, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. მხოლოდ გლობალური უმრავლესობის პრინციპულმა და ერთიანმა ხმამ შეიძლება, აიძულოს იგი აირჩიოს მშვიდობა. სამშვიდობო სამიტის მიზანიც სწორედ ამის მიღწევაა. სწორედ ამიტომ არის ის ასე შეშინებული. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ გვყავდეს, რაც შეიძლება მეტი ლიდერი მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან“, –წერს კულება სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: Reuters ოთხ რუსულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის, უკრაინაში ზავზე დათანხმდეს, თუ ჯარები ამჟამინდელი ფრონტის ხაზზე დარჩებიან.
"ამავდროულად, რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ პუტინი მზად არის ომის გასაგრძელებლად, თუ კიევი და დასავლეთი ამ პირობებით ზავზე არ დათანხმდებიან", – იტყობინება Reuters.
ომის შესაძლო დასრულების შესახებ საერთაშორისო შეხვედრა შვეიცარიაში მომავალ თვეში გაიმართება. რუსეთი კონფერენციაზე არ მიუწვევიათ. უკრაინა მოელის, რომ შეხვედრა ათობით ქვეყნის პოზიციების კოორდინაციას მოახდენს რუსეთის მიმართ მოთხოვნების საკითხზე, როგორც შემდგომი მოლაპარაკებების შესაძლო პირობაზე. თუმცა მოსკოვმა უკვე განაცხადა, რომ არ ეთანხმება ე.წ. სამშვიდობო ფორმულას, რომელიც რუსეთის ჯარების გაყვანას მოითხოვს.
ამავე დროს რუსეთის წარმომადგენლები დადებითად საუბრობენ, მაგალითად, ჩინეთის პოზიციაზე, რომელიც არსებითად მოითხოვს მოლაპარაკებების დაწყებას წინაპირობების გარეშე.
შეერთებული შტატები და სხვა დასავლური ქვეყნები ამტკიცებენ, რომ ვლადიმირ პუტინი ამჟამად არ ავლენს რეალურ დაინტერესებას სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ.