მაკფოლი: ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირი აშშ–ის მაგალითს მიჰყვეს და გამოაცხადოს იგივე სანქციები, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დააანონსა

24-05-2024 23:57:12 ციტატა

"სანქციები, რომლებიც გამოაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა, ეხება მგზავრობას. თუ მოხვდი სიაში, ამერიკაში ვეღარ ჩახვალ, ასე მარტივად შეგვიძლია, განვაცხადოთ. იმედი მაქვს, ევროკავშირი იგივე ნაბიჯს გადადგამს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ამერიკის მაგალითს მიჰყვნენ. გამოაცხადონ იგივე სანქციები, რაც გამოაცხადა მდივანმა და შემდეგში, თუ სიტუაცია კიდევ გაუარესდა, მათ აქვთ საშუალება გაუყინონ სანქცირებულ პირებს აქტივები დასავლეთში, ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი ესკალაციის კიბეზე, რომელიც ზეწოლას გაზრდის და როდესაც ეს გაკეთდება, ძალიან ძნელი იქნება სანქცირებული პირისთვის აწარმოოს ბიზნესი ნებისმიერ პირთან, კომპანიასთან იმ ქვეყანაში, რომელმაც დაუწესა სანქციები", – ამის შესახებ რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორმა მაიკლ მაკფოლმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

Новости

Другие новости