ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაკურიანსა და გუდაურში უწყლოობის მე–5 დღეს ბოდიშს იხდის

06-01-2020 20:16:43 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ბაკურიანსა და გუდაურში უწყლოობის მე–5 დღეს ბოდიშს იხდის.

"მინდა, ბოდიში მოვუხადო იქ მაცხოვრებლებს და სტუმრებს, ვისაც წყალმომარაგების გამო პრობლემები შეექმნა. ეს პრობლემები გუდაურში "რედკოს" მოსახლეობას შეექმნა, მაშინ, როდესაც მთელ გუდაურში ჩვეულებრივ არის წყალმომარაგება, ანალოგიური მდგომარეობაა ბაკურიანშიც, ორ ქუჩაზე არ არის წყალი. წყალმომარაგების კომპანია პრობლემაზე უწყვეტად მუშაობს",- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, კურორტებზე 24-საათიანი სამუშაო პროცესები მიმდინარეობს, რათა პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდეს.

შეგახსენებთ, რომ მეხუთე დღეა, საქართველოს მთის კურორტებზე – ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემების მოგვარება ვერ ხერხდება. ამის გამო ტურისტების ნაწილმა საკურორტო ზონა დატოვა. პრობლემის გაჩენის პირველივე დღიდან ადგილობრივები ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას ითხოვდნენ, თუმცა მათი თქმით, გუდაურში ისინი არ ჩასულან. 4 იანვარს გუდაურში წყალი მცირე ხნით მოვიდა, თუმცა როგორც სასტუმროს მფლობელები აცხადებდნენ, წყალი დაბინძურებული იყო და ერთ–ერთი ტურისტი მოიწამლა კიდეც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები