Accentnews.ge
კაკაურიძე: რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს სიტუაცია, მით უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკაზე

კაკაურიძე: რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს სიტუაცია, მით უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკაზე

27/05/2024 14:17:52 პოლიტიკა, ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ქვეყანაში ვითარება, რომელიც "აგენტების კანონის" ირგვლივ შეიქმნა, მით უფრო უარყოფითი გავლენა ექნება ეკონომიკაზე. ამის შესახებ მან პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. კაკაურიძეს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ ჰკითხა, როგორ აისახება საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური ვითარება ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე.

„ცოტა რთული სათქმელია და გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება, როგორ გაგრძელდება ეს სიტუაცია. თუ მომდევნო ერთ კვირაში დასრულდა და დაწყნარდა ქვეყანაში სიტუაცია, მაშინ არანაირი შეფერხება არ ექნება და მაკროეკონომიკური სიტუაცია რაც გვქონდა დაგეგმილი, ისე გაგრძელდება. მაგრამ თუ ჩვენ რაიმე განსხვავებულ სცენარს გავაანალიზებთ და გრძელვადიან პერიოდში მივიღებთ აქციებს და ა.შ. მაგ შემთხვევაში ეს უარყოფითად იმოქმედებს, პირველ რიგში, ტურიზმზე. ტურიზმიდან გამომდინარე შემდგომ იქნება ეკონომიკაზეც უარყოფითი ზეწოლა. პროგნოზი გამიჭირდება, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება მსგავსი სიტუაცია",– თქვა კაკაურიძემ და დასძინა, "რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე“.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

27 მაისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს ვეტოს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S