
პოლონეთი რუსეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებს
27/05/2024 15:34:29 მსოფლიო
პოლონეთის ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვებს დააწესებს რუსეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომლების გადაადგილებაზე. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
მისი თქმით, შესაბამისი ნოტა მალე გადაეგზავნება ვარშავაში რუსეთის საელჩოს.
როგორც სიკორსკიმ განმარტა, ვარშავაში საელჩოს თანამშრომლები ნებართვის გარეშე ვერ იმოგზაურებენ მაზოვიეცკის სავოევოდოს გარეთ, სადაც მდებარეობს პოლონეთის დედაქალაქი, ხოლო სხვა ქალაქებში არსებული საკონსულოების თანამშრომლები ვერ შეძლებენ მოგზაურობას შესაბამისი სავოევოდოების ფარგლებს გარეთ. შეზღუდვები არ გავრცელდება პოლონეთში რუსეთის ელჩზე.
სიკორსკის თქმით, ზომები დაკავშირებულია ბოლო ხანებში ქვეყანაში მომხდარ დივერსიულ აქტებთან რუსეთის მონაწილეობის ეჭვებთან.
რუსული მხარის რეაქცია ჯერ არ არის ცნობილი.
პოლონეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია, უპირველესად, უკრაინის ომის გამო. თუმცა მხარეები ინარჩუნებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს. პოლონეთი გახდება ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც ახორციელებს მსგავს შეზღუდვებს.