27-05-2024 23:57:00 პოლიტიკა
ნატო–ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ არ გამორიცხავს, რომ ნატო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული აღარ დარჩეს. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
კითხვაზე, "სულ ცოტა ხნის წინ, თქვენი მონაწილეობით, ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა და ძირითადი ფოკუსი უკრაინა-ნატოს ურთიერთობებზე იყო. მაგრამ, სად არის საქართველო? სად ხედავთ საქართველოს ამ პროცესში?", ვერშბოუმ შემდეგი განაცხადა:
" ნატო–ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე: ვისურვებდი, უფრო პოზიტიური პასუხის გაცემა შემეძლოს, რადგან ისტორიული ჩანაწერით 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, საქართველო იმავე დონეზე იყო, რაზეც უკრაინა. ჩემი გენერალური მდივნის მოადგილეობის პერიოდში, საქართველო ნატოსთან დაახლოებისკენ პროგრესს განაგრძობდა. ბოლო სამიტზე, რომელსაც მე დავესწარი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი შეთანხმდა და ამიტომ ჩანდა, რომ საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებას ნათელი მომავალი ჰქონდა. ამიტომ, კიდევ უფრო სამწუხაროა საქართველოში კონსესუსის რღვევა, როცა ბატონ ივანიშვილთან ასოცირებული [მმართველი], უმრავლესობის პარტია და პოლიტიკური ძალები, დასავლეთს ზურგს აქცევს. მათ კონკრეტულად არ უთქვამთ, რომ ნატოში გაწევრიანებით დაინტერესებული აღარ არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ, შესაძლოა, საქართველოს ამ გზაზე დაბრუნების დარჩენილი შანსები ჩამოართვან. ვფიქრობ, ეს ცუდი იქნება საქართველოს უსაფრთხოებისთვის, უფრო ფართოდ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ამის გამო ვწუხვარ".
გამოცემის ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, "ელოდებით, რომ საიუბილეო სამიტზე, რომელიც ივლისში აქ, ვაშინგტონში გაიმართება, ნატო კვლავ იტყვის, რომ საქართველოსთან მიმართებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება?", ვერშბოუმ არ გამორიცხა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული აღარ დარჩეს.
"ალბათ. მაგრამ, შეიძლება იყოს უფრო განახლებული მიდგომა უკრაინის მიმართ და ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ნაკლებად პრიორიტეტული იყოს საქართველოს შესახებ რაიმეს თქმა. ეს იმედგამაცრუებელი იქნება, მაგრამ ვშიშობ, ეს სავსებით შესაძლებელია. მე მაინც მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის თუ უცხოეთის აგენტის კანონთან დაკავშირებული მთელი ეს საკითხი, დიდი შეცდომა იყო და იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არის ამის გამოსწორების შესაძლებლობა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა, ის ბრძენი სახელმწიფო მოღვაწეა. იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ", – განაცხადა ვერშბოუმ.