
რუსეთმა დაადასტურა, რომ 2023 წლის აგვისტოს დასაწყისში გაუჩინარებული უკრაინელი ჟურნალისტი დაკავებულია
28/05/2024 07:19:01 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინიდან თითქმის ათი თვის წინ გაუჩინარებული ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა დაკავებულია, – იუწყება უკრაინული გამოცემა „გრატი“.
გამოცემის ინფორმაციით, ჟურნალისტის მამამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო აპრილით დათარიღებული პასუხი, რომლის თანახმად, ვიქტორია როშჩინა დაკავებულია და ამჟამად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეა. კონკრეტულად სად იმყოფება ჟურნალისტი, რა იურიდიული სტატუსით, რაშია ეჭვმიტანილი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ შეკითხვებზე პასუხები ისევ არ არსებობს.
უკრაინაში სამხედრო ტყვეთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ ჟურნალისტს ტყვეობაში მყოფის სტატუსი მიანიჭა.
ვიქტორია როშჩინა 2023 წლის აგვისტოს დასაწყისში გაუჩინარდა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან, სადაც მასალებს აგროვებდა სტატიებისთვის კახოვკის ჰესის განადგურებით გამოწვეული შედეგების და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული სიტუაციის შესახებ.
ვიქტორია როშჩინა სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა უკრაინულ ტელეარხ Громадське-სთან, გამოცემა „უკრაინსკა პრავდასა“ და "რადიო თავისუფლებასთან", ასევე, „ქალთა საერთაშორისო ფონდთან“.