Accentnews.ge
მაჭუტაძე – პაპუაშვილს: ზვიად გამსახურდია ახსენეთ და მინდა, შეგახსენოთ, რომ თქვენგან განსხვავებით, იგი აშშ–ს "გლობალური ომის პარტიას" არ ეძახდა

მაჭუტაძე – პაპუაშვილს: ზვიად გამსახურდია ახსენეთ და მინდა, შეგახსენოთ, რომ თქვენგან განსხვავებით, იგი აშშ–ს "გლობალური ომის პარტიას" არ ეძახდა

28/05/2024 10:31:11 ციტატა

"ზვიად გამსახურდია ახსენეთ, ბატონო სპიკერო და მე მინდა, წაგიკითხოთ მისი სიტყვები აშშ–ის შესახებ და მერე შეადაროთ თქვენი პოლიტიკური ძალის სიტყვებს აშშ–ის შესახებ და მერე ვნახავთ მკაფიო განსხვავებას, ვინ აგრძელებს ამ დარბაზში ზვიად გამსახურდიას მემკვიდრეობას და ვინ – არა. "ამერიკის შეერთებული შტატები ის ქვეყანაა, რომელმაც დედამიწის ზურგზე მოსპო მონობა, დაიცვა პიროვნების უფლებანი და თავისუფლებანი, დღეს კი მას უდიდესი მისია აკისრია – მან უნდა მოსპოს ხალხთა მონობა, უნდა იხსნას დამონებული ერები და ხელი შუწყოს მათ განთავისულფლებას", – ეს განცხადება გააკეთა ზვიად გამსახურდიან 1991 წლის 25 მარტს აშშ–ის შესახებ. იგი "გლობალური ომის პარტიას" კი არ ეძახდა აშშ–ს, მას ხალხთა და ერთა გამანთავისუფლებელს ეძახდა. სხვათა შორის, ეს სიტყვები გამსახურდიამ ბეიკერს უთხრა მოსკოვში", – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უნდა განიხილონ.

სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან კანონის მოწინააღმდეგეების პროტესტი გრძელდება. ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საპროტესტო აქციაზე ისმის შეძახილები: „არა რუსულ კანონს“, „მონებო“.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ორი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S