
მსხილაძე – დეპუტატებს: თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი, ხვალ უნდა გასცეთ შვილებს პასუხი, რატომ მოექეცით მათ მომავალს ასე
28/05/2024 12:23:41 ციტატა
"მიუხედავად იმისა, რომ მე საჯარო მოხელე ვარ, არასდროს, არცერთ პერიოდში არ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში, რომ მე იმ მხარეს ვმდგარიყავი, რომელიც ჩემთვის შინაგანად მიუღებელი იყო. ვინ რომელ მხარეს დგას და ვინ არის სიმართლის მხარეს, ამას ისტორია და საზოგადოება განსჯის. აქ ჩემი სასაუბრო დღეს ნამდვილად მეტი არაფერი არ არის, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი და ხვალ უნდა გასცეთ თქვენ შვილებს პასუხი რატომ მოექეცით თქვენ ქვეყანას ასე, მათ მომავალს რატომ მოექეცით ასე, თქვენ უნდა გასცეთ პასუხი მთავარ კითხვაზე და ამაზეა დამოკიდებული როგორ შეხვალთ ისტორიაში, ეს არ დაგვავიწყდეს, ახლა რა ნამუსით და რა სინდისით დააჭერთ მწვანე ღილაკს თუ წითელ ღილაკს და ისტორია განსჯის, სამართალი და სიმართლე ვის მხარეს იყო, ჩემ მხარეს და ჩვენ მხარეს, თუ თქვენ მხარეს",– მიმართა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ დეპუტატებს პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან კანონის მოწინააღმდეგეების პროტესტი გრძელდება. ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საპროტესტო აქციაზე ისმის შეძახილები: „არა რუსულ კანონს“, „მონებო“.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ორი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.
23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.
24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.