ავღანეთში ქართველმა ჯარისკაცებმა ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს

07-01-2020 13:20:36 თავდაცვა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საშობაო ლიტურგია ბატალიონის კაპელანმა, მამა გიორგი წერეთელმა აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა. ღვთისმსახურებას ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით წვეულებაც გამართეს. მე-12 ბატალიონის მეთაურმა მიწვეული სტუმრებისთვის საქართველოს ისტორიის, კულტურისა და თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია გამართა. მოგვიანებით, სტუმრებმა ქართველი სამხედროების მიერ მომზადებული ქართული ტრადიციული კერძებიც დააგემოვნეს.

მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები