Accentnews.ge
პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია

28/05/2024 15:00:50 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებული ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წინააღმდეგ ხმა 66-მა დეპუტატმა მისცა, მხარდამჭერი არავინ ყოფილა.

ამის შემდეგ "აგენტების კანონის" თავდაპირველ ვერსიას ეყარა კენჭი, რომელსაც მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი 4 წავიდა.

პროცედურის მიხედვით, ახლა კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა პრეზიდენტს, რომელმაც 5 დღის ვადაში მას ხელი უნდა მოაწეროს და გამოაქვეყნოს. პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ იგი ამ კანონს ხელს არ მოაწერს. პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

პარლამენტში "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დღეს პროტესტის ფონზე განიხილეს. სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან კანონის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საპროტესტო აქციაზე ისმის შეძახილები: „არა რუსულ კანონს“, „მონებო“.

"ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ორი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S