
შსს – აქციის მონაწილეებს აფრთხილებს: დეპუტატებს მიეცით საშუალება, შეუფერხებლად დატოვონ შენობა
28/05/2024 15:08:37 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, საკანონმდებლო შენობაში მყოფ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მისცენ შესაძლებლობა, რომ შეუფერხებლად დატოვონ შენობა და პროტესტის გამოხატვა მშვიდ ვითარებაში განაგრძონ.
უწყება დემონსტრანტებს აფრთხილებს, რომ "პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი".
"რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული და იცავენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, იქიდან გამომდინარე, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პლენარული სხდომა სრულდება, შენობაში მყოფ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მისცენ შესაძლებლობა, რომ შეუფერხებლად დატოვონ შენობა და პროტესტის გამოხატვა მშვიდ ვითარებაში განაგრძონ.
პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება", – ნათქვამია განცხადებაში.
"ქართულმა ოცნებამ" "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი მიიღო.