კობახიძე: პირდაპირი მუქარა იყო ფიზიკურ განადგურებასთან დაკავშირებით, რაც შემდეგ საბოლოო ჯამში, ვითომ სანახევროდ, მაგრამ იმაზე უფრო მძიმედ აღიარეს, ვიდრე შეეძლოთ, ეღიარებინათ

28-05-2024 21:18:54 ციტატა

„მუქარები არის აბსოლუტურად არასერიოზული, ვისგანაც ისმის ეს მუქარები მათ კარგად არ ახასიათებს. მუქარები სხვაც იყო შეგახსენებთ, პირდაპირი მუქარა იყო ფიზიკურ განადგურებასთან დაკავშირებით, რაც შემდეგ საბოლოო ჯამში, ვითომ სანახევროდ, მაგრამ იმაზე უფრო მძიმედ აღიარეს, ვიდრე შეეძლოთ ეღიარებინათ. პირდაპირ როცა გემუქრებიან ფიზიკური განადგურებით, აქედან ჩანს, რომ რაღაც კარგად არ არის კონკრეტულ სტრუქტურებში და ბიუროკრატიაში. ევროკავშირის ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები, რაც საბოლოო ჯამში, პრობლემებს უქმის ევროკავშირს სტრუქტურებს, მათ შორის პრობლემებს უქმნის ურთიერთობებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ ამ წლების განმავლობაში ბიუროკრატიაში არსებული პრობლემების მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ და წინ წავიწიეთ ევროინტეგრაციის მიმართულებით. დღესაც არის ასეთი არაჯანსაღი პროცესები ევროკავშირის ბიუროკრატიაში, თუმცა ყველაფერი არის დაძლევადი და საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთ მუქარები არ არის სწორი, არ არის ჯანსაღი, არ არის სერიოზული. მე ყველას მოვუწოდებ პრაგმატულობისკენ. პრაგმატულობა არის მთავარი, რამაც ჩვენ უნდა მოგვცეს ურთიერთობების გაჯანსაღების საშუალება", – ამის შესახებ "აგენტების კანონის" საბოლოოდ მიღების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძმე განაცხადა.

  • შეგახსენებთ, რომ 23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი მუქარაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, იმავე დღეს ევროკომისარმა ვარჰეიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი "წუხილს გამოთქვამდა, რომ მისი სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოღებული".

რა თქვა ვარჰეიმ

"საქართველოს პრემიერ–მინისტრის 2024 წლის 23 მაისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მინდა, გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდანაა ამოღებული. როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მომუშავე კომისარი, მე რეგულარულ კონტაქტზე ვარ ჩემი პორტფელის ქვეყნების მთავრობებთან, რადგან საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პირდაპირი პოლიტიკური გაცვლებისთვის.

საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ სიტუაციაში, მე დიდ ძალისხმევას ვწევ, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლება დამერწმუნებინა არ მიეღო კანონი "უცხოური გავლენების" შესახებ, რომელმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს გზას ევროკავშირში.

იქიდან გამომდინარე, რომ კარგად მაქვს გაცნობიერებული საქართველოს საზოგადოების ძალიან ძლიერი პროევროპული სენტიმენტები, სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე პრემიერს ყურადღება მიექცია საჭიროებაზე, რომ ამ კანონის მიღებით, არ უნდა გამწვავდეს ისედაც მერყევი სიტუაცია, რასაც შეუძლია, გამოიწვიოს უფრო ღრმა პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარება. ამასთან დაკავშირებით, მაგალითად მოვიყვანე უკანასკნელი ტრაგიკული ინციდენტი სლოვაკეთში, როგორც მაგალითი თუ სად შეიძლება, მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში.

კიდევ ერთხელ, ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არამხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის იყო წარმოდგენილი ისე, რომ მას შეეძლო ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია გამოეწვია.

მე კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი.

მე ამას ვთხოვ, როგორც საქართველოს კარგად ნაცნობი და პატივსაცემი მეგობარი.

მე კვლავ ვაგრძელებ საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე".

რა თქვა კობახიძემ

ვარჰეის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა და მაგალითად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმა მოუყვანა.

"საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამგვარ შეურაცხმყოფელ შანტაჟს დიდი ხანია მიჩვეული ვართ და მან საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც არსებითად უკვე დაკარგა აქტუალობა.

თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია. ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.

პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი.

დარწმუნებული ვარ, მათ გეგმებს არც ამჯერად უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა", – განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები