Accentnews.ge
აგენტების შესახებ ქართული კანონის აფხაზური ექო

აგენტების შესახებ ქართული კანონის აფხაზური ექო

29/05/2024 07:39:34 კონფლიქტები

1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის ვეტერანმა, აფხაზმა საზოგადო მოღვაწე ლაშა აშუბამ ამასწინათ ფაქტობრივად ააფეთქა აფხაზური საზოგადოებრიობა საქართველოს იმ მოქალაქეთა მხარდამჭერი განცხადებით, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ.

«ჩემი პირადი და თანამოაზრეთა სახელით სოლიდარობას ვუცხადებ მომიტინგე თბილისელებს, ქართულ ოპოზიციას და საქართველოს მთელს სამოქალაქო საზოგადოებას უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო პროტესტში. ჩვენ გვახსოვს თქვენი მხარდაჭერა ბიჭვინთის აგარაკის გასხვისების საწინააღმდეგო პროტესტის დროს, უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო პროტესტი კი აფხაზებს ჯერ წინ გველის. ვიმედოვნებ, თქვენი საპროტესტო ძალისხმევა ფუჭად არ ჩაივლის და კანონს არ მიიღებენ. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ხალხი, მათ შორის - ქართველიც, თავის მიზანსწრაფვაში დაუმარცხებელია. გისურვებთ სულის სიმტკიცესა და წარმატებას დასახული მიზნის მიღწევაში“ - ამ შინაარსის პუბლიკაცია განათავსა სოცქსელში ზუხბამ, რითაც ადვილად პროგნოზირებად კრიტიკის ქარცეცხლში ჩაიგდო თავი, უპირველესად - ვეტერანთა ორგანიზაციების, მათ შორის პროსახელისუფლებო „ამცახარასა“ და ოპოზიციური „არუაას“ მხრიდან.

სამართლიანობისთვის უნდა აღნიშნოს, რომ ეს მოკლე პერიოდის განმავლობაში ლაშა ზუხბას მხრიდან უკვე მეორე რეზონანსული განცხადება იყო. ბიჭვინთის აგარაკების კომპლექსის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ მან სოცქსელში მოკლე, თუმცა მრავალმნიშვნელოვანი პუბლიკაცია განათავსა: „სიმძიმე - ეს ისაა, როცა 30 წლის შემდეგ აცნობიერებ, რომ არასწორ მხარეს იბრძოდიო“.

მაშინ ზუხბა ამ სიტყვებს იქით არ წასულა. ამჯერად კი, რეზონანსული ფეისბუქ-პუბლიკაციის შემდეგ, მან სტუდია «Апсныхабар»-ს ვრცელი ინტერვიუც მისცა და კვლავ დაარღვია დაუწერელი ტაბუ, რომელსაც აფხაზურ საზოგადოებაში მთელი 30 ომისშემდგომი წლის განმავლობაში იცავდნენ: მან განაცხადა ის, რისი საჯარო სივრცეში მოსმენაც აქამდე წარმოუდგენელი იყო, კერძოდ, თქვა, რომ არ თვლის მთელს ქართველ ხალხს მტრად, ასე საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის დროსაც კი არ თვლიდა და ნაკლებ სავარაუდოა, ოდესმე ჩათვალოს.

აფხაზეთში ცნობილი ვეტერანის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ უჩვეულოდ კეთილგანწყობილი ტონი ერთგვარ შოკურ თერაპიად იქცა, თანაც ენგურს გაღმაც და გამოღმაც. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ეხლა?

რეალურად, ლაშა ზუხბამ გააჟღერა ბოლო დროს აფხაზეთში მომძლავრებული შეშფოთება საქართველოს მმართველი ძალის მიერ წლობით დეკლარირებული პროდასავლური ვექტორის ფაქტობრივად დემონსტრაციულ შეცვლასთან დაკავშირებით, რაც რუსეთთან ურთიერთობების დათბობის ფონზე ხორციელდება. სოხუმში თვლიან, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ კანონმა შესაძლოა, ლამის საკვანძო როლი ითამაშოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გადაფორმატებასა და კონფლიქტური დღის წესრიგის მეგობრულით ან სულაც სამოკავშირეოთი შეცვლაში. მსგავსი დაახლოების ლოგიკური განვითარების ვარიანტად კი სოხუმში რუსეთსა და საქართვლოს შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ფარულ გარიგებას არ გამორიცხავენ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ კანონი, რომელსაც ქართული ოპოციზია არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევს რუსეთ-საქართველოს გეოპოლიტიკური დაახლოების მოწინააღმდეგეებთან ბრძოლის ინსტრუმენტად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღების შემთხვევაში სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალიების ფორმირების მძლავრ ფაქტორად შეიძლება, იქცეს - რეალიებისა, როცა რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური და რეგიონული პარტნიორობა უკან გადასწევს ჩვენი მეზობლების ევროინტეგრაციის იდეას. და მაშინ … ვინ იცის, რა სახის კომპრომისები მიიღწევა და ვინ იქცევა ამ კომპრომისების ობიექტად? აფხაზეთი...“ - დაწერა სოცქსელში კიდევ ერთმა ცნობილმა აფხაზმა ოპოზიციონერმა ახრა ბჟანიამ.

ანალოგიურად მსჯელობს ჟურნალისტი ინალ ხაშიგიც, რომლის აზრით, მიმდინარე მოვლენები იმის ნიშანია, რომ საქართველოს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ევროინტეგრაციაზე უარი თქვას.

და აი, ამგარი მზარდი ეჭვების ფონზე სოხუმში შეიტყვეს თავის დროზე მოსკოვის მითითებით დანიშნული დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის - ინალ არძინბას გადაყენების შესახებ.

აფხაზური საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არც ის დარჩენილა, რომ დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ არძინბა თანამდებობიდან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის დღეს გაათავისუფლა, როცა თავად სოხუმში იმყოფებოდა და არა კრემლში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე, სადაც ამჯერად, როგორც ჩანს, არ მიიწვიეს. არავის დაუნახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერები არც 9 მაისს წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე.

ამ ყველაფრის ფონზე სოხუმში გამოთქმული შეშფოთება უსაფუძვლო თითქოს არ უნდა იყოს. თუმცა არსად ჩანს საკითხის ერთი უმნიშვნელოვანესი მდგენელი - მოსკოვის ინტერესები და პოზიცია, როგორც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშისა, რომელზეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრაა დამოკიდებული.

და აქ პრინციპული კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რატომ უნდა დაუთმოს კრემლმა რაიმე თბილისს, თუკი საქართველოს მმართველი პოლიტიკური გუნდი ისედაც დიდი გულმოდგინებით იფუჭებს ურთიეთობებს დასავლელ სტრატეგიულ მოკავშირეებთან - ანუ რუსეთის გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან და ნაბიჯ-ნაბიჯ შეჰყავს ქვეყანა რუსულ ორბიტაზე?

რისი შეთავაზება შეუძლია თბილისს ამჟამინდელი რუსეთისთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ - ნეიტრალიტეტის, ევროკავშირსა და ნატო-ზე უარის თქმის? მოსკოვს რა, მონიშნული აქვს პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში მზად იქნება, საქართველოს გამთლიანების საკითხი განიხილოს?!

კრემლში მშვენივრად ესმით, რომ ლიდერი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის გადაჭრას შეძლებს, მოსახლეობისგან სამუდამო მმართველობის კარტ-ბლანშს მიიღებს. მისთვის ყველაფერი იქნება ნებადართული, პროდასავლურ ვექტორზე უარის თქმისა და რუსულ სივრცეში დაბრუნების ჩათვლით, თუ ასეთი იქნება საქართველოს გამთლიანების ფასი. ამასთან, კრემლში არ მალავენ, რომ კმაყოფილები არიან ბიძინა ივანიშვილის კურსით და შესაბამისად, დაინტერესებულნი არიან საქართველოს ხელისუფლებაში მისი გუნდის დარჩენით, თუმცა კრინტსაც არ ძრავენ საქართველოს მთავარ პრობლემასთან დაკავშირებით: ზედაპირული მინიშნებაც კი არ კეთდება იმაზე, რომ მოსკოვი მზადაა, თუნდაც რაიმე უმნიშვნელო ნაბიჯი გადადგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის მიმართულებით.

ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი და „ქართული ოცნება“, ბუნებრივია, დაინტერესებულია, ფართოდ გავრცელდეს ხმები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე რაღაც ჰიპოთეტური გარიგების შესაძლებლობის თაობაზე. მაგრამ რეალურად რომ გააჩნდეს ხელთ ისეთი ყოვლისშემძლე კოზირი, როგორიც მოსკოვისგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხრივ ძვრების თუნდაც სიტყვიერი დაპირებაა, ნუთუ მმართველი ძალა მას არ გამოიყენებდა?! - ეს ხომ წარმოუდგენელია! შესაბამისად, ხმების საპასუხოდ „ქართული ოცნების“ დუმილი თავისთავად მეტყველებს საქმის რეალურ ვითარებაზე.

ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში მოსკოვი მხარს აუბამს ილუზიას თბილისი-სოხუმი-ცხინვალის სამკუთხედში რაღაც დათბობის შესახებ და შესაძლოა, ვიხილოთ კეთილი ნების გარკვეული სიმბოლური ჟესტებიც – მაგალითად, დე-ფაქტო საზღვრებზე გადაადგილების დროებითი გამარტივება... ეს „ქართულ ოცნებას“ ელექტორალურად უდავოდ დაეხმარება, მაგრამ როგორც კი არჩევნები ჩაივლის, მთელი ეს იდილია ნისლივით გაიფანტება, - დარწმუნებულია ზაქარეიშვილი.

ამგვარად, მოსკოვი დეხმარება „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში გამარჯვება შეძლოს, მაგრამ არავითარი გარიგება სოხუმსა და ცხინვალთან დაკავშირებით არ იქნება - არც „ოცნების“, არც რომელიმე სხვა ქართულ ხელისუფლებასთან - თუნდაც სრულიად პრორუსულთან, სანამ თავად რუსეთში არ მოხდება ცვლილებები.

რაჟდენ ქაჯაია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S