
მედია: ტრამპმა თქვა, რომ ის „დაბომბავდა მოსკოვს“, რუსეთი მისი პრეზიდენტობის დროს რომ შეჭრილიყო უკრაინაში
29/05/2024 14:54:32 მსოფლიო
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და რესპუბლიკური პარტიის ყველაზე სავარაუდო წარმომადგენელმა 2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანიისთვის თანხების მოსაზიდად გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ „ის დაბომბავდა მოსკოვსა და პეკინს, თუ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში ან ჩინეთი – ტაივანში" მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, - წერს The Washington Post.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავს ღონისძიებებზე პოლიტიკოსი ზოგჯერ საგარეო პოლიტიკაზეც აკეთებს განცხადებებს, რაც აოცებთ დონორებს, რადგან რესპუბლიკურ პარტიას, რომელსაც ტრამპი წარმოადგენს, განსხვავებული მიდგომები აქვს რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომთან დაკავშირებით.
გასულ წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომს ერთ დღეზე ნაკლებ დროში “მოაგვარებდა.” ხოლო მიმდინარე წლის აპრილში მან განაცხადა:
“როგორც ყველა თანხმდება, უკრაინის გადარჩენა და სიძლიერე ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე ჩვენთვის, მაგრამ ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია! დაჩქარდი, ევროპავ!”