
აშშ 135 მილიონ დოლარს გამოუყოფს მოლდოვას რუსული გავლენის დასაძლევად
29/05/2024 15:44:33 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს, კიშინიოვში ვიზიტისას მოლდოვას დაჰპირდა 135 მილიონი დოლარის დახმარებას ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ ბლინკენმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წერს AP.
ბლინკენი კიშინიოვს ეწვია ჩეხეთში ვიზიტამდე, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
მანამდე შეერთებულმა შტატებმა 774 მილიონი დოლარის ფინანსური დახმარება გაუწია მოლდოვას, საიდანაც 300 მილიონი გამოიყო ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბლინკენის მოგზაურობის ფონია მზარდი შეშფოთება, რომ მოლდოვასა და საქართველოს ახალი საფრთხე ემუქრებათ რუსეთისგან.
ამ მოგზაურობამდე ორი კვირით ადრე ბლინკენი გაემგზავრა უკრაინაში, რათა დაერწმუნებინა კიევი ვაშინგტონის მხარდაჭერაში.
ასევე არსებობს ნიშნები, რომ რუსეთმა შესაძლოა, განიხილოს ახალი ჰიბრიდული ქმედებები მოლდოვაში, სადაც მას ჰყავს 1500 ჯარისკაცი არაღიარებულ დნესტრისპირეთის რეგიონში.
მოლდოვამ არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში, ადგილობრივ არჩევნებში ჩარევაში და მასიური დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაში, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლების დამხობას და ევროინტეგრაციის შეფერხებას.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ ცოტა ხნის წინ გააფრთხილა, რომ რუსეთი გეგმავს ჰიბრიდული თავდასხმების ტალღას მოლდოვაში შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე რეფერენდუმის წინ.