
პოლონეთი ტერიტორიულად არ უზღუდავს უკრაინას გადაცემული იარაღის გამოყენებას
29/05/2024 18:19:27 მსოფლიო
პოლონეთს არ დაუწესებია შეზღუდვები კიევისთვის გადაცემული იარაღის უკრაინის ტერიტორიის გარეთ გამოყენებაზე. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ცეზარ ტომჩიკმა რადიო ZET-თან ინტერვიუში ისაუბრა.
შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა უკრაინისთვის გადაცემული პოლონური სამხედრო ტექნიკის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე, ტომჩიკმა უპასუხა, რომ უკრაინელებს „შეუძლიათ იბრძოლონ ისე, როგორც სურთ“.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ უკრაინას. უკრაინა დაექვემდებარა სასტიკ თავდასხმას, ამიტომ, მას აქვს უფლება, დაიცვას თავი ისე, როგორც ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს“, - ხაზგასმით აღნიშნა ტომჩიკმა.
”პოლონეთი არ იყენებს შეზღუდვებს, როდესაც საქმე ეხება უკრაინელების მიერ პოლონური იარაღის გამოყენებას,” - დასძინა მან.
მისი აზრით, დასავლეთის ქვეყნებმაც უნდა გააუქმონ რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენების თაობაზე შეზღუდვები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ტომჩიკმა განაცხადა, რომ პოლონეთმა უკვე გადაიტანა უკრაინაში დახმარების 44 პარტია და 45-ეს ამზადებს. „საერთო ჯამში ეს არის 15-20 მილიარდი ზლოტის შემოწირულობა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.