30-05-2024 09:33:25 პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში ეხმიანებიან ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ჩინური კომპანია ააშენებს.
"შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ურთიერთობა ან ბიზნესის წარმოება. თუმცა ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ჩინეთის სუბიექტებთან ბიზნესის წარმოებისას მნიშვნელოვანია, ჩატარდეს საფუძვლიანი სათანადო გამოკვლევა, გააზრებული იყოს პოტენციური ზემოქმედება კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე და უზრუნველყოფილი იყოს, რომ ეკონომიკური ურთიერთობა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და სასარგებლო საქართველოსთვის", – განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა "აქცენტს" შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
29 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ჩინური კომპანია ააშენებს.
"2023 წლის სექტემბრისთვის უკვე შერჩეული გვყავდა ორი კვალიფიციური კომპანია – ჩინური კონსორციუმი და "თიაიელი" – ლუქსემბურგული კომპანია. ამის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა დეტალური წინადადებების მიღების პროცესზე. [...] ორივე პრეტენდენტთან გვქონდა დეტალური კონსულტაციები, მაგრამ ჩვენ მივიღეთ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმის მხრიდან, ამ შემთხვევაში აპლიკაცია სრულყოფილია, წარმოდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტიები, აქედან გამომდინარე უახლოეს დღეებში გვექნება დაზუსტებები, რომლის შემდეგაც გამოვაცხადებთ გამარჯვებულად ჩინურ კონსორციუმს და დავიწყებთ უკვე მოლაპარაკებებს საპარტნიორო შეთანხმების შესახებ", – განაცხადა მინისტრმა.
2020 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა, რადგან, მისი ცნობით, კონსორციუმმა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პირველი კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკუთარი სახსრებით აშენების პირობა დადო. მთავრობის ინფორმაციით, ინვესტორს პორტის მხოლოდ 49%-იანი წილი ექნება.