ირაკლი კობახიძე: გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში

30-05-2024 11:50:15 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის ელჩს პიტერ ფიშერს ესხმის თავს.

მისი თქმით, გერმანია "ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში".

მისი თქმით, ელჩის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ "ევროპული გზიდან გადაუხვია", "ანტიქართულია".

ამ თემაზე საუბრისას კობახიძე შეეცადა ელჩის ოპოზიციურ პარტიასთან დაკავშირებას.

„შეგახსენებთ, რომ „ლელოსთან“ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე, ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს“ლიდერებთან ერთად. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში.

ელჩი, რომელიც აკეთებ ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის ვერ იქნება ღირებული. ეს არის ანტიქართული განცხადება და იმედი მაქვს, რომ ეს არის „ლელოს“ მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ "აგენტების კანონის" საბოლოო მიღება საქართველოს ხელისუფლების მიერ ანტიდემოკრატიული ნაბიჯის გადადგმად და ევროპული გზიდან გადახვევად შეაფასა არაერთმა პარტნიორმა. საუბარია ევროკავშირისა და აშშ–ის მხრიდან საპასუხო ნაბიჯებზე, მათ შორის სანქციებზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები