
კალაძე – ევროკავშირზე: თუ მოლაპარაკებები არ გაიხსნება, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა
30/05/2024 08:52:20 პოლიტიკა, ციტატა
"[თუ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ გაიხსნება] ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა, რადგან საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, თუნდაც ის 9 პუნქტიანი გეგმა, რომელიც არის წარმოდგენილი მოლაპარაკების გახსნისთვის, ყველაფერი იქნება შესრულებული, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბურთი იქნება მათ მხარეს",– ამტკიცებს "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან.
მიუხედავად პარტნიორების არაერთი მკაფიო გაფრთხილებისა, რომ "აგენტების კანონი" შეაფერხებდა საქართველოს ევროინტეგრაციას, საქართველოს ხელისუფლებამ მაინც მიიღო კანონი და ამტკიცებს, რომ ეს დააჩქარებს ევროინტეგრაციას. ხოლო ევროკავშირში, როგორც ასევე არაერთხელ ითქვა, განიხილავენ საპასუხო ზომებს.
29 მაისს გერმანიის ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ "აგენტების კანონის" მოქმედების პირობებში საქართველო მოლაპარაკებების ეტაპზე ვერ გადავა.