30-05-2024 13:16:57 საზოგადოება ,ეს საინტერესოა ,რეგიონები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მესტიის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლითა და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით მესტიის მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები გამოავლინა.
TI–მ დაადგინა, რომ 11 თანამდებობის პირის 17 ნათესავი სხვადასხვა საჯარო უწყებაშია დასაქმებული. ამ თანამდებობის პირთა შორისაა პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე, რომელიც ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილია.
აქვე TI მიუთითებს იმასაც, რომ ცხადია, წარმოდგენილი შემთხვევები აუცილებლად არ გულისხმობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის წესის გვერდის ავლით ან მისი დარღვევით მოხდა და მიზნად არ ისახავს კონკრეტული პირების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენებას, თუმცა ერთი მუნიციპალიტეტის საჯარო უწყებებში დასაქმებულთა შორის გამოვლენილი ნათესაური კავშირების სიმრავლე აჩენს ეჭვებს ნეპოტიზმთან დაკავშირებით.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ნეპოტიზმი საჯარო სამსახურში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით მუნიციპალურ იურიდიულ პირებში, სადაც დასაქმების არსებული პრაქტიკა, საჯარო მოხელთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, კონკურის გამოცხადების ვალდებულებას არ ითვალისწინებს.
TI-ის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეების, ასევე მუნიციპალური იურიდიული პირების თანამშრომელთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მათი კომპეტენცია, გამოცდილება და კეთილსინდისიერება იყოს.