ნატო-ს ერაყიდან პერსონალი გაჰყავს
07/01/2020 17:02:50 მსოფლიო
ნატო-ს ერაყიდან პერსონალის ნაწილი გაჰყავს. როგორც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით მიიღეს.
„საუბარია აუცილებელ ზომებზე, რათა ჩვენი ხალხი დაცული იყოს. ეს ითვალისწინებს ერაყის ტერიტორიიდან პერსონალის ნაწილის გაყვანას და მათ გადაადგილებას ქვეყნის სხვა ნაწილშიც“, – განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ შაბათს ნატო–მ განაცხადა, რომ შეაჩერა საწვრთნელი მისია ერაყში.
ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.
პენტაგონის განცხადებით, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.
„ეს იყო გადამწყვეტი თავდაცვითი ღონისძიება, რათა დაგვეცვა საზღვარგარეთ მოსამსახურე ამერიკელი პერსონალი. გენერალი სულეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებზე ერაყში და მთელ რეგიონში", – აცხადებენ პენტაგონში.
ირანის უმაღლესი ლიდერის აითოლა ალი ხამენეისა და პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, ირანი „სასტიკად იძიებს შურს“ იმ „კრიმინალების წინააღმდეგ“, ვინც ბაღდადის აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
„ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალები" მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამერიკელ და ებრაელ მტრებს" აკისრებს.
„ისრაელის არმიის რადიოს“ ცნობით, ირანიდან შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელის სამხედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მისივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა საგანგებო სხდომა მოიწვია. ამასთან, ქვეყნაში დაიხურა სირიის საზღვართან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტი.


