
დანიამ და კანადამ უკრაინას ნება დართეს, გამოიყენოს მათი იარაღი რუსეთზე დარტყმისთვის
30/05/2024 13:58:54 მსოფლიო
დანიამ, ფინეთმა და კანადამ უკრაინას ნება დართეს, გამოიყენოს მათ მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად.
როგორც დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს მისთვის მიწოდებული იარაღი რუსეთზე დარტყმისთვის, თუ ეს შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია კანადური იარაღით თავდასხმები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან კანადას უკრაინისთვის არ დაუყენებია რაიმე პირობა მისი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა 29 მაისს განაცხადა, რომ ისინი არ ზღუდავენ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ფინური იარაღით დარტყმების განხორციელებაში.
მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს პოლონეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და შვედეთმა. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს უფროსის მოადგილე ცეზარი ტომჩიკმა განაცხადა, რომ კიევისთვის მიწოდებულ პოლონურ იარაღზე „ასეთი შეზღუდვები“ არ არსებობს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კემერონმა 2 მაისს კიევში ვიზიტისას გამოაცხადა უკრაინის უფლება, დაარტყა რუსეთის ტერიტორიაზე ლონდონის მიერ მოწოდებული იარაღით.
26 მაისს შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა Hallandsposten-ის შეკითხვას უპასუხა, რომ „საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას უფლება აქვს, დაიცვას თავი მტრის ტერიტორიის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო მოქმედებებით, თუ ეს ქმედებები შეესაბამება ომის კანონებს.” მისი თქმით, შვედეთი მხარს უჭერს საერთაშორისო სამართალს და უკრაინის თავდაცვის უფლებას.
საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, ჩეხეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ასევე მხარი დაუჭირეს დასავლური იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების შემსუბუქებას.
ზოგიერთი ქვეყანა პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს უნდა იყოს სამხედრო სამიზნეები რუსეთის ტერიტორიაზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 28 მაისს გერმანიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ „ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება უკრაინას, გაანეიტრალოს სამხედრო ობიექტები, საიდანაც ხდება რაკეტების გაშვება“ და საიდანაც ახორციელებენ დარტყმებს. ამავდროულად, მისი თქმით, კიევს არ უნდა ჰქონდეს უფლება, დაარტყას რუსეთში სხვა სამიზნეებს, კერძოდ, სამოქალაქო ობიექტებს.
29 მაისს გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის პრესმდივანმა შტეფან ჰებესტრეიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის თავდაცვითი მოქმედებები „არ შემოიფარგლება მისი საკუთარი ტერიტორიით, არამედ [შეიძლება] გავრცელდეს აგრესორის ტერიტორიაზე“. Politico-ს წყარომ, რომელიც იცნობს გერმანიის მთავრობის პოზიციას, ამბობს, რომ შოლცი ახლა მხარს უჭერს დასავლური იარაღის გამოყენებას რუსეთის შიგნით სამიზნეების წინააღმდეგ. სხვა დეტალებზე გამოცემის თანამოსაუბრე არ საუბრობს.