
უკრაინის საჰაერო ძალებმა მოიგერიეს კიევზე მორიგი სარაკეტო შეტევა
31/05/2024 06:38:37 მსოფლიო
უკრაინის დედაქალაქ კიევში და კიევის ოლქში ღამის განმავლობაში ორჯერ გამოცხადდა საჰაერო განგაში.
31 მაისს, დილით უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევს კურსკის ოლქიდან შეუტიეს ფრთოსანი რაკეტით „ისკანდერი კ“, რომელიც უკრაინის საზენიტო სარაკეტო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მოგერიებული რუსული რაკეტის ნამსხვრევებით გამოწვეულმა ხანძარმა დააზიანა კერძო სახლი, ავტოსამრეცხაო, სასაწყობე შენობა და ექვსი ავტომობილი. არავინ დაშავებულა.
ღამის განმავლობაში სარაკეტო შეტევა იყო უკრაინის ქალაქ ხარკოვზეც, სადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს ბელგოროდის ოლქიდან შეუტიეს ხუთი საზენიტო მართვადი რაკეტით(С-300/С-400). უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ რაკეტების მოგერიება ვერ შეძლეს.