
რას პასუხობს სტოლტენბერგი კითხვაზე, "ფიქრობთ, რომ დასავლური იარაღის რუსეთში გამოყენების საპასუხოდ პუტინმა შესაძლოა, დარტყმა NATO–ს ტერიტორიაზე განახორციელოს?"
31/05/2024 09:15:45 მსოფლიო
მას შემდეგ, რაც NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ "დროა, ალიანსის მოკავშირეებმა უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე დაწესებულ შეზღუდვებს გადახედონ", ჟურნალისტები დაინტერესდნენ "ეშინია თუ არა NATO-ს რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააფრთხილა სერიოზული შედეგების შესახებ, თუ დასავლეთი უკრაინას მის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლებას მისცემს".
კერძოდ, პრაღაში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყების წინ მას AFP–სი ჟურნალისტმა ჰკითხა, "ფიქრობთ, რომ დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების საპასუხოდ პუტინმა შესაძლოა, დარტყმა NATO–ს ტერიტორიაზე განახორციელოს?".
სტოლტენბერგმა საპასუხოდ განაცხადა, "ყოველთვის, როცა NATO–ს მოკავშირეები უკრაინას უჭერენ მხარს, პუტინი ცდილობს, დაემუქროს დასავლეთს, რომ უკრაინას არ დავუჭიროთ მხარი".
"აქ ახალი არაფერია. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოკავშირეებმა აღიარეს, რომ მათი იარაღი ასევე გამოიყენება [რუსეთის] შიგნით ლეგიტიმურ სამიზნეებზე დარტყმებისთვის. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი დიდი ხანია, კიევს აწვდის "Storm Shadow"–ს ტიპის საკრუიზო რაკეტებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ასეა უკვე დიდი ხანია. ასე რომ, ეს ასე იყო დიდი ხნის განმავლობაში. დიდი ხნის განმავლობაში ყოველთვის ასე იყო, რომ ყოველთვის, როცა NATO–ს მოკავშირეები უკრაინას უჭერენ მხარს, პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, დაგვემუქროს, რომ ასე არ მოვიქცეთ. შეჭრის დღესვე იგი დაემუქრა ყველა ქვეყანას, რომელიც აპირებდა უკრაინის მხარდაჭერას, რომ ეს საშიშია და ამას ექნებოდა შედეგები. და ეს იყო გზავნილი ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვიღებდით გადაწყვეტილებებს შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის, "HIMARS"-ის, მოწინავე საბრძოლო ტანკების, საკრუიზო რაკეტების ან F 16 ტიპის გამანადგურებლების მიწოდების შესახებ. ასე რომ, ეს არის პრეზიდენტი პუტინის, მოსკოვის ძალისხმევის ნაწილი, რათა NATO–ს მოკავშირეები არ დაეხმარონ უკრაინას საკუთარი თავის დაცვაში. კვლავ ვიმეორებ, რომ უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ჩვენ გვაქვს უფლება დავეხმაროთ უკრაინას თავდაცვის უფლების დაცვაში და ეს არ აქცევს NATO–ს მოკავშირეებს კონფლიქტის მხარედ. ასე იყო 2022 წლის თებერვალში. ასე იყო შარშანაც და ასე რჩება მომავალშიც.
რაც შეეხება ესკალაციას, ეს არის რუსეთი, რომელმაც ესკალაცია მოახდინა სხვა ქვეყანაში შეჭრით და რუსეთმა გასულ კვირას ესკალაცია მოახდინა ახალი ფრონტის გახსნით, სადაც ისინი ურტყამდნენ უკრაინას რუსეთის ტერიტორიიდან. რა თქმა უნდა, იმის ვარაუდი, რომ უკრაინამ არ უნდა უპასუხოს, არანაირად არ არის გონივრული, რადგან უკრაინას უნდა შეეძლოს თავისი ტერიტორიის დაცვა, რა თქმა უნდა, მაშინაც, როცა მათ წინააღმდეგ რუსეთის ტერიტორიიდან მოდის თავდასხმა", – განაცხადა სტოლტებნერგმა.
ამავე თემაზე: რატომ მიიჩნევს საჭიროდ სტოლტენბერგი, უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე დაწესებული შეზღუდვების გადახედვას.