
რუსეთის დანაკარგები მაისში ყველაზე მაღალი იყო სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ - დიდი ბრიტანული დაზვერვა
31/05/2024 12:39:52 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთის დანაკარგები (დაღუპულებისა და დაჭრილების საერთო რაოდენობა) სავარაუდოდ 500 000-ს აღწევს.
დაზვერვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთის დანაკარგები კვლავ მაღალი იყო 2024 წელს და მაისში რუსთის პირადი შემადგენლობა დღეში საშუალოდ 1200-ზე მეტ სამხედროს კარგავდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ომის დაწყების შემდეგ.
„დანაკარგების მაღალი დონე, სავარაუდოდ, რუსეთის შეტევის ანარეკლია, რომელიც ფართო ფრონტზე მიმდინარეობს. დიდი ალბათობით, რუსული ძალების უმეტესობას მხოლოდ შეზღუდული წვრთნა აქვს გავლილი და არ შეუძლია რთული შეტევითი ოპერაციების განხორციელება. შედეგად, რუსეთი იყენებს მცირე, მაგრამ ძვირადღირებულ ტალღოვან შეტევებს, რათა შეასუსტოს უკრაინის თავდაცვა“, - ნათქვამია მოხსენებაში.
სადაზვერვო სააგენტომ აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს დამატებითი ძალების რეკრუტირებას ამ მიდგომის მხარდასაჭერად, მაგრამ ფრონტის ხაზზე პერსონალის მუდმივი შევსების აუცილებლობა "მაღალი ალბათობით შეზღუდავს" რუსეთის შესაძლებლობას, შექმნას უფრო დიდი შესაძლებლობების დანაყოფები.
მაისის დასაწყისში ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2022 წლის თებერვლიდან დაღუპულთა საერთო რაოდენობა 465 ათას ადამიანზე მეტი იყო და პროგნოზირებდა დანაკარგების ზრდას მომდევნო ორი თვის განმავლობაში.
25 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად გამოაცხადა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინელი სამხედროების დაღუპულთა რაოდენობა – 31 ათასი. ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ ვერ ასახელებს რამდენი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეა დაჭრილი და დაკარგული. ასევე, მისი მონაცემებით, რუსეთის დანაკარგებმა შეადგინა 180 ათასი მოკლული სამხედრო მოსამსახურე და 500 ათასამდე დაჭრილი და მოკლული ერთად.
ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა აპრილში ერთ-ერთ მოხსენებაში აღნიშნა, რომ რუსული არმია აგროვებს ჯარებს იმ მოცულობით, რაც შეესაბამება უკრაინაში ბოლო თვეებში მის დანაკარგებს.