
უკრაინამ და ნორვეგიამ უსაფრთხოების ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი
31/05/2024 14:35:44 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნორვეგიის პრემიერ–მინისტრმა იონას გაჰრ შტორმა სტოკჰოლმში ხელი მოაწერეს დოკუმენტს უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
მხარეები თავდაცვისა და სამრეწველო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმუშავებენ.
"მიმდინარე წელს ნორვეგია უკრაინას მინიმუმ 13,5 მილიარდი ნორვეგიული კრონის (დაახლოებით 1,2 მილიარდი ევრო) სამხედრო დახმარებას გაუწევს. ნორვეგიამ თითქმის 6,4 მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩადო ნანსენის გრძელვადიან პროგრამაში უკრაინის მხარდაჭერისთვის 2023-2027 წლებში. ნორვეგიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შეთანხმების მთელი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება,"- წერია განცხადებაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნდა.
იუწყებიან, რომ ნორვეგია მოკავშირეებთან ერთად დაეხმარება უკრაინას, განავითაროს თავისი შესაძლებლობები თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების სფეროში, გარდა ამისა, ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შავ და აზოვის ზღვებში საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაში, გააგრძელებს მათთვის აღჭურვილობის მიწოდებას და სპეციალისტების მომზადებას.
მანამდე უკრაინამ უსაფრთხოების სეთანხმება დადო დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დანიათან, კანადასთან, იტალიასთან, ნიდერლანდებთან, ფინეთთან, ლატვიასთან, ესპანეთთან, ბელგიასთან, პორტუგალიასთან, შვედეთთან და ისლანდიასთან.