
თბილისში აქცია-კონცერტი სახელწოდებით "მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ გაიმართა
03/06/2024 05:02:37 საზოგადოება
თბილისში აქცია-კონცერტი სახელწოდებით "მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ გაიმართა.
საქველმოქმედო ღონისძიების მიზანი იყო თანხის შეგროვება საპროტესტო აქციების დაკავებული მონაწილეებისთვის. ამ თანხით მათთვის დაკისრებული ჯარიმების გადახდა იქნება შესაძლებელი.
არსებული ინფორმაციით, 3 ივნისის 01:00 საათის მონაცემებით, მხოლოდ ორი ქართული ბანკის – "თისისი ბანკისა" და "საქართველოს ბანკის" ანგარიშებზე გადარიცხული იყო 250 ათასი ლარი, თუმცა აქ არ არის ასახული საზღვარგარეთიდან და სხვა ადგილობრივი ბანკებიდან ჩარიცხული თანახა.
22:00 საათისთვის კონცერტი გიორგი უშიკიშვილმა და ბექა გოჩიაშვილმა გახსნეს. აქცია-კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ: შოთა საგანელიძე, Moku Moku, წერილი, Kordz, Mechanical Rainbow, ლექს სენი & თიკო, ნატალია ნაყოფია, Bedford Falls, Circus Mircus, The Window, Quemmekh, არა, ყველა, Creams, ნინო ქათამაძე & ნიკოლოზ რაჭველი, ბექა გოჩიაშვილი & თემურიკო დიასამიძე, ფანიკო, ავარა, თამადა, მერაბ სეფაშვილი, ლელა წურწუმია, რობი კუხიანიძე, დაგდაგანი, Loudspeakers, გამოუვალი მდგომარეობა, Process.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული მასშტაბური პროტესტის ფარგლებში, სხვადასხვა დროს, პოლიციამ ათეულობით დემონსტრანტი დააკავა. ნაწილს სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ და მათ წლობით პატიმრობა ემუქრებათ. გამოკითხვაზე იბარებენ აქციის მონაწილეებს. მასშტაბური საპროტესტო აქციების მონაწილეებს სასტიკად უსწორდებოდნენ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. მათგან დასჯილი ჯერ–ჯერობით არავინ არის.
/ფოტო: Ezz Gaber