
მედია: რუსეთი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა „უფლებების დასაცავად“ შექმნილ ფონდს პროპაგანდისთვის იყენებს
03/06/2024 05:44:38 მსოფლიო
რუსეთის მიერ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა „უფლებების დასაცავად“ შექმნილი ფონდი რეალურად წარმოადგენს კრემლის გავლენის ოპერაციის ინსტრუმენტს, რომელიც მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროპის 48 ქვეყანაში მოქმედებს, რასაც ორგანიზაციდან გაჟონილი 40-ზე მეტი შიდა დოკუმენტი მოწმობს, – იტყობინებიან დანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი და გამოცემა „გარდიანი“ ევროპის სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით.
საუბარია „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერის და უფლებების დაცვის ცენტრზე“, იგივე „პრავფონდზე“, რომელიც 2012 წლიდან მუშაობს როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით შექმნილი არაკომერციული ორგანიზაცია. მისი დამფუძნებლები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფედერალური სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვო“ არიან.
„პრავფონდიდან“ გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, ეს ორგანიზაცია აფინანსებს ევროპელებზე ორიენტირებულ პროპაგანდისტულ ვებ–საიტებს. გარდა ამისა, ცენტრი მონაწილეობდა იარაღის კონტრაბანდის გამო აშშ-ში გასამართლებული ვიქტორ ბუტის და ჩეჩენი მებრძოლის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანიაში გასამართლებული ვადიმ კრასიკოვის იურიდიული დაცვის დაფინანსებაში. მაგალითად, დოკუმენტების მიხედვით, 2021 წელს, კრასიკოვის ადვოკატ რობერტ უნგერს „პრავფონდის“ ბიუჯეტიდან 60 000 ევრო გადაუხადეს.
„პრავფონდის“ შიდა დოკუმენტების თანახმად, ამ ორგანიზაციამ ევროპის ქვეყნებში თავისი ოპერაციების ხელმძღვანელებად დანიშნა რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები, მათ შორის არიან რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის აგენტები ვლადიმირ პოზდოროვკინი და ანატოლი სოროკინი, რომლებიც „პრავფონდის“ საქმიანობას ხელმძღვანელობენ ჩრდილოეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნებში და ახლო აღმოსავლეთსა და მოლდოვაში. „პრავფონდის“ შიდა დოკუმენტებში „პროექტის აღმასრულებლადაა“ მითითებული „რუსული დიასპორის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი სერგეი პანტელეევი, რომელიც ევროკავშირის მიერაა სანქცირებული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელებისთვის.